რაგბი

20:08 | 29.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯონ ფიენი: “ამ ეტაპზე ექვსი ერის გახსნის პერსპექტივას ვერ ვხედავთ”

მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების წარმატებული გამოსვლის შემდეგ, რაგბის გულშემატკივართა დიდი ნაწილი ევროპის უმთავრესი ტურნირის, ექვსი ერის გაფართოებაზე ხმამაღლა ალაპარაკდა და როგორც ჩანს, ამის სურვილი ჯერაც არ განელებულა.

ქართველების მიმართ განსაკუთრებულ სიმპატიებს უელსელები გამოხატავენ, რომლებიც ერთ-ერთ ვებგვერდზე (http://www.walesonline.co.uk/sport/rugby/rugby-news/six-nations-chief-rules-out-10803958) გულშემატკივართა შორის გამოკითხვასაც ატარებენ - უნდა გადაკეთდეს თუ არა ექვსი ერი შვიდ ან რვა ერად და ამ იდეას ხმას გამოკითხულთა 66% პროცენტი უჭერს. მაგრამ ექვსი ერი წარმატებული კომერციული ტურნირია, ისედაც ცხადი იყო, რომ მისი ორგანიზატორები საკუთარ ბიზნესს ქართველთა გულისთვის საფრთხის ქვეშ არ დააყენებდნენ და 2016 წლის ექვსი ერის დაწყებამდე, მისი გაფართოების შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გამორიცხეს.

პრინციპში, თავად ჩვენც არ ველოდით, რომ მსგავსი გაფართოება მინიმუმ 2019 წლის მსოფლიო თასის დასრულებამდე მოხდებოდა და ამ მხრივ ექვსი ერის ხელმძღვანელის, ჯონ ფიენის განცხადებაში ახალი არაფერი ყოფილა. უფრო მეტიც, ის არა მხოლოდ ტურნირის გაფართოებას, არამედ ბონუს-ქულების სისტემის დანერგვასაც ეწინააღმდეგება, არადა, უკვე დიდი ხანია, ფაქტობრივად მთელი მსოფლიო ამ სისტემაზე გადავიდა.

ირლანდიელმა ჩინოვნიკმა 2016 წლის ექვსი ერის ოფიციალურ გახსნაზე, რომელიც ლონდონში გაიმართა, იმედი გამოთქვა, რომ წარუმატებელი მსოფლიო თასების შემდეგ, ევროპული გრანდები თავს ექვს ერზე გამოიჩინენ და დასძინა:

“მომავალი ტურნირისგან ძალიან ბევრ ველით. ბევრ ადამიანს ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. ევროპულ გუნდებს მსოფლიო თასზე ძალიან გაუჭირდათ და ახლა ექვს ერზე ეცდებიან ამ რთული სიტუაციიდან თავის დაღწევას. მათ უნდა გვაჩვენონ ხარისხიანი რაგბი.

ნებისმიერ შემთხვევაში, ექვსი ერი ყველა სხვა ტურნირის “მამაა”. მას სულ უფრო მეტი და მეტი მაყურებელი ჰყავს ტელევიზიით. იზრდება სტადიონზე დამსწრეთა რაოდენობაც და ამ ტურნირს სულ უფრო და უფრო მეტი მოგება შემოაქვს. გაიხსენეთ ბოლო უიქენდი, როდესაც საოცრებები მოხდა და მომავალ შაბათს მისი ნახევარიც თუ მოხდება, ბედნიერები ვიქნებით. ეს იყო წარმოუდგენელი დღე და წარმოუდგენელი სპორტული ღონისძიება. ამ ტურნირზე ორი ახალი მწვრთნელი და რამდენიმე ახალი კაპიტანი გვეყოლება. ეს რაღაც ახალის დასაწყისია. მატჩების ყურება BBC-სა და ITV-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზორების ეკრანზე დავრჩეთ”.

ამის შემდეგ ფიენიმ ექვს ერში საქართველოსა და რუმინეთის შესაძლო ინტეგრირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამისათვის რანაირი გეგმა არ არსებობს და მსგავსი შესაძლებლობა რეალურად არც განხილულა:

“ექვსი ერი დახურული ტურნირია და ასეთად დარჩება. ჩვენი მისია რაგბის განვითარება არაა, თუმცა, ჩვენ ყველას ვეხმარებით. მთავარი მიზანია, რომ წარმატებული ექვსი ერი გვქონდეს. უნდა ვიყოთ სამართლიანი და დღესდღეისობით, ექვსი ერის მონაწილე გუნდების დონე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე დანარჩენების. ვფიქრობ, ეს ასე დარჩება. რეალობა ასეთია - უახლოეს მომავალში არაფრის შეცვლას არ ვგეგმავთ. თუმცა, არასოდეს თქვა არასოდეს და არავინ იცის რა მოხდება მომავალში. უბრალოდ, ახლა გახსნის პერსპექტივას ვერ ვხედავთ”.

რაც შეეხება ბონუს-ქულების დანერგვის შესაძლებლობას:

“ეს საკითხი განვიხილეთ და აღმოვაჩინეთ, რომ არის შესაძლებლობა, რომელიმე გუნდმა “დიდი სლემის” გამარჯვებულზე მეტი ქულა დააგროვოს და მთავარი პრიზი მოიგოს. ეს არ იქნება სამართლიანი. ბონუს-ქულები შესარჩევი ტურნირებისთვისაა მოგონილი და აქ ის არაფერში გვჭირდება”.

0.115481