არნემის “ვიტესისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვაკო ყაზაიშვილი თანაგუნდელ გურამ კაშიას ნამდვილ პროფესიონალად და მებრძოლ ფეხბურთელად ახასიათებს. როგორც 23 წლის ქართველმა შემტევმა ჰოლანდიურ ინტერნეტპორტალ ELF Voetbal.nl-ს განუცხადა, მას ჰოლანდიაში თავის დამკვიდრებაში სწორედ კაშია და კიდევ ერთი თანამემამულე, გიორგი ჭანტურია დაეხმარნენ.
“როდესაც 2011 წელს არნემში ჩავედი ინგლისურად ვერ ვლაპარაკობდი და მივხვდი, რომ სხვებთან კონტაქტი გამიჭირდებოდა. გურამი მაშინ გავიცანი, ხოლო ჭანტურია როცა 10 წლის ვიყავი. ისინი ძალიან დამეხმარნენ.
კაშია ნამდვილი პროფესიონალი და მებრძოლია. იგი დიეტასაც კი იცავს. მაგალითად, ადრე ერთად მაკდონალდსშიც დავდიოდით, მაგრამ ბოლო დროს ასეთი რამ არ მახსენდება.
ინტერვიუების მიცემა არ მიყვარს, ეს არაა ჩემი ჰობი და არც ფოტოკამერების წინაშე გამოჩენა მხიბლავს”, - თქვა ყაზაიშვილმა.
ვაკო ყაზაიშვილს მიმდინარე სეზონში ჰოლანდიის ერედივიზიონის 18 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო კაშიას 14-ში – 3. სხვათა შორის, დღეს ვაკოს დაბადების დღეა, მას 23 წელი შეუსრულდა.