დონეცკის “შახტარის” ახალგაზრდა ქართველმა შემტევმა გიორგი არაბიძემ, რომელიც უკრაინულ გუნდთან ერთად ამერიკაში შეკრებაზე იმყოფება, მორიგ ამხანაგურ მატჩში თავი დუბლით გამოიჩინა.
“შახტარმა” სპარინგი ამერიკულ “ბოკა რატონთან” ჩაატარა და 5:1 იმარჯვა. უკრაინული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მირჩა ლუჩესკუმ ამ შეხვედრაში აქცენტი ძირითადად ახალგაზრდა მოთამაშეებზე გააკეთა და მათაც მწვრთნელს ნდობა გაუმართლეს. არაბიძე თამაშში 46-ე წუთიდან ჩაერთო და 64-ე წუთზე შესანიშნავად შესრულებული საჯარიმო დარტყმით დონეცკელები 3:1 დააწინაურა, მატჩის მიწურულს კი მეტოქის საჯარიმოში მყოფი კარგად გაერკვა სიტუაციაში და ერთი შეხებით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.