კალათბურთი

13:58 | 25.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ქართველების ეს თაობა დიდი ხანია ერთად თამაშობს და ფავორიტებიც არიან”
სლოვაკების ხორვატი დამრიგებელი ახალი ლიდერის ძიებაშია

სლოვაკეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ივან რუდეჟი 2017 წლის ევრობასკეტის შესარჩევ ციკლში F ჯგუფის უმთავრეს ფავორიტად საქართველოს ეროვნულ გუნდს მიიჩნევს. მან ეს განცხადება სლოვაკეთის კაალთბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდთან გააკეთა.

“წილისყრის შედეგად, მეტოქედ 2 ძლიერი ნაკრები გვერგო და ერთიც ისეთი, რომელიც დაახლოებით ჩვენი დონისაა. ჩერნოგორიას ნბა-ში 2 მოთამაშე ჰყავს, მათი მწვრთნელი კი ევროპული კალათბურთის ლეგენდებში შედის. საქართველოს ნაკრებში ძირითადად 1984-86 წლების თაობაა, რომელიც ერთად დიდი ხანია თამაშობს. მათი კალათბურთელები ნბა-სა და ევროლიგაში ასპარეზობენ. ჩვენი ჯგუფის ფავორიტებად სწორედ ქართველები მიმაჩნია”, - აღნიშნა რუდეჟმა.

ცნობისთვის, 36 წლის ივანი “მინესოტა ტიმბერვულვზში” მოთამაშე დამიან რუდეჟის უფროსი ძმაა. ხორვატი სპეციალისტი სლოვაკეთის ეროვნული გუნდის დამრიგებლად სულ რაღაც 1 კვირის წინ მილან ჩერნიცკის (ის ასისტენტად დააქვეითეს) ნაცვლად დანიშნეს და მას ურთულესი მისიის შესრულება მოუწევს.

“მთავარია, გუნდში ისეთი ატმოსფერო შეიქმნას, რომელიც წარმატებისკენ სვლას გაგვიადვილებს. ცხადია, ნაკრებში ახალი წინამძღოლიც უნდა მოვიძიოთ. მოგეხსენებათ, უწინდელმა ლიდერმა ანტონ გაველმა გერმანიის მოქალაქეობა მიიღო და ამ ქვეყნის ნაკრებში ირჯება”, - დასძინა ივანმა.

საინტერესოა, რომ უფროსმა რუდეჟმა კარიერა 27 წლის ასაკში ტრავმის გამო დაასრულა და მალევე მწვრთნელობა დაიწყო. მის კარიერაში ყველაზე სახელოვანი კლუბი ზაგრების “ცედევიტა” იყო, სადაც ალეკსანდარ პეტროვიჩის თანაშემწედ მუშაობდა. 2012 წლიდან მოყოლებული რუდეჟი შვეიცარიული “ჟენევას” თავკაცია და გასულ სეზონში დუბლიც (ჩემპიონატი და თასი) შეასრულა.

ცნობისთვის, სლოვაკეთის ნაკრები ევრობასკეტ-2017-ის შესარჩევ ციკლს 31 აგვისტოს ჩერნოგორიასთან გასვლითი მატჩით გახსნის, 3 სექტემბერს კი საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუხვდება. აღსანიშნავია, რომ სლოვაკები სამივე საშინაო შეხვედრას მიყოლებით (3, 7 და 10 სექტემბერს) ჩაატარებენ და მათი ფედერაციის პრეზიდენტმა პაულ ბაგინმა ისიც აღნიშნა, ეგებ, ამ პერიოდში სლოვაკებს კალათბურთოსკენ გული მოუბრუნოთო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124298