ჩერნოგორიის საკალათბურთო ნაკრები, რომელიც 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქეა, მომავალ მატჩებს დიდი იმედებით ელის. ჩერნოგორიელთა მთავარი მწვრთნელის ბოგდან ტანიევიჩის განცხადებით, მისი ნაკრები ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად მაქსიმუმს გაიღებს.
ცნობისთვის, 68 წლის ტანიევიჩი საკალათბურთო სამყაროში ფრიად დაფასებულია ადამიანია. მისი ხელმძღვანელობით, ჯერ კიდევ 1981 წელს იუგოსლავიის ნაკრებმა ევრობასკეტის ვერცხლის მედლები აიღო, 1999-ში იტალიის ეროვნულმა გუნდმა ევროპის პირველობა მოიგო, 2010-ში კი თურქებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშეს და მხოლოდ აშშ-ს ვარსკვლავურ ნაკრებთან დამარცხდნენ.
ტანიევიჩმა მიუნხენში გამართულ წილისყრას ასეთი შეფასება მისცა: “საქართველო რუსეთთან და გერმანიასთან ერთად, პირველ კალათაში ყველაზე ძლიერი გუნდი იყო. მათ ლიდერებს კარიერის საუკეთესო პერიოდი სწორედ ახლა უდგათ. სხვებისგან თორნიკე შენგელიას, ზაზა ფაჩულიას, მანუჩარ მარკოიშვილს და გიორგი ცინცაძეს გამოვარჩევდი. ეს არ ნიშნავს, რომ სხვებს ყურადღებას არ მივაქცევთ. ქართველებს მთლიანობაში ძლიერი გუნდი ჰყავთ და მათთან მატჩებში გამარჯვება იოლი არ იქნება.
სლოვაკეთი შედარებით დაბალი დონეა, ალბანეთი კი ჯგუფის სამივე სხვა წევრს ჩამორჩება, თუმცა, ცალი ფეხით წარმატებას ვერავისთან მივაღწევთ. ყველა მოწინააღმდეგეს პატივი უნდა ვცეთ და ყოველგვარი მოულოდნელობა გამოვრიცხოთ. თუკი მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით, წარმატება არ დაახანებს”.
ის, რომ ტანიევიჩი მომავალ თამაშებს მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდება, შემთხვევითი არაა. 2015 წლის ევრობასკეტის შესარჩევ ციკლში ჩერნოგორიელებმა 6 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგეს, ისრაელს და ჰოლანდიას ჩამორჩნენ და ფინალური ეტაპის მიღმა დარჩნენ. მაშინ, ეს, კვალიფიკაციის უმთავრეს სენსაციად იქცა. ცხადია, ეროვნული ნაკრების კიდევ ერთ ჩავარდნას ჩერნოგორიელი ქომაგი ვეღარ აიტანს.
“ჩერნოგორია პატარა ქვეყანაა და გასაკვირი არა, რომ წამყვანი კალათბურთელების უმეტესობა საზღვარგარეთ თამაშობს. სასიხარულოა, ლეგიონერები ძალიან მოტივირებულნი არიან. თითქმის ყველას ვესაუბრე. ნბა-ში მოასპარეზე ნიკოლა ვუჩევიჩმა და ნიკოლა პეკოვიჩმა თავად დამირეკეს და მითხრეს, რომ ნაკრებში აუცილებლად ითამაშებენ. ასეთი გამოცდილი წევრების გუნდში ყოლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მათი შემყურე ახალგაზრდებიც ძალიან ინდომებენ და მოედანზე 100%-ით იხარჯებიან”, - დასძინა ტანიევიჩმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ჩერნოგორიის ნაკრებები ევრობასკეტ-2017-ის საკვალიფიკაციო ციკლის F ჯგუფში სლოვაკეთთა და ალბანეთთან ერთად ითამაშებენ. საქართველოს ეროვნული გუნდი, რომელიც ჯერაც უმწვრთნელოდაა, ჩერნოგორიელებს თბილისში 7 სექტემბერს მიიღებს, 17-ში კი, შესარჩევი ეტაპის დასკვნით ტურში სტუმრად ითამაშებს.