რაგბი

0:51 | 24.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ ანთაძის და კოკა ლაზიშვილის ღია წერილი

გთავაზობთ საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის მერაბ ანთაძის და ვიცე-პრეზიდენტის, კოკა ლაზიშვილის ღია წერილს:

წერილი საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობის მონაწილეებს
ძვირფასო მეგობრებო და თანაგუნდელებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგმართავთ თქვენ და სრულიად საქართველოს სარაგბო თემს, ვეტერანებს და მომქმედ მორაგბეებს, რაგბის კლუბების მესვეურებს, კავშირისა და გამგეობის წევრებს.
ჩვენ, როგორც სარაგბო ოჯახის წევრები და რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, რომლებსაც რთულ პერიოდში - ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად - მოგვიწია ქართული რაგბის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა, თავს ვალდებულად ვთვლით, საჯაროდ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით და გაგაცნოთ ჩვენი მოკრძალებული მოსაზრებები პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკავშირებით. დავიწყებთ მოკლე დახასიათებით და შევეცდებით საფუძვლიანი არგუმენტებით დავასაბუთოდ ჩვენი არჩევანი.

გოჩა სვანიძე (სარაგბო მეტსახელი - ბოქლომა, ანუ შერკინების შემკვრელი და სტაბილურობის გარანტი), როგორც გამორჩეული მოთამაშე და შემდგომში უმაღლესი რანგის იურისტი - ქართულ საზოგადოებაში სარგებლობს უდიდესი ავტორიტეტით და პატივისცემით. 90იანი წლებიდან უანგაროდ - რაგბის კავშირის, კლუბებისა დამთელი სარაგბო თემის წევრების მრჩეველი და კონსულტანტი, როგოც სარაგბო ისე იურიდიულ საკითხებში.
2004 წლის დასაწყისში, ჩვენი გუნდის რაგბის კავშირში მოსვლისთანავე, გოჩა სვანიძე სარაგბო თემის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იკავებს გამგეობის თავმჯდომარის პოსტს და ჩვენ, როგოროც თანამოაზრეები, ერთობლივად ვიწყებთ ქართული რაგბის განვითარების გრძელვადიანი კონცეფციის შემუშავებას, პრიოტიტეტების ჩამოყალიბებას და მათ რეალიზაციას, დასახული მიზნების აღსასრულებლად ფინანსური და ადამიანური რესურსების მოძიებას. ეს იყო პირველი მცდელობა რაგბის განვითარების სისტემური მიდგომების დანერგვისა და ამავდროულად საზოგადოებაში მისი განსაკუთრებული ხიბლის ფართოდ გატანისა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული რაგბის აღმავლობასა და თვალსაჩინო წარმატებაში, მისი პოპულარობის უპრეცენდენტოდ ამაღლებაში, გოჩა სვანიძეს განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი. ამ წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, ქართულ რაგბში მიმდინარე ყველა პრობლემის ღრმა ცოდნა, უცხოელ პარტნიორებთან დამყარებული საქმიანი კონტაქტები, არის ქართული რაგბის მომავალი განვითარების მტკიცე საფუძველი. ასევე ხაზგასასმით აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ, რაგბის კავშირის წარმატებით ფუნქციონირებისთვის,განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინსტიტუციონალურ მახსოვრობას და მემკვიდრეობითობას. ამ კომპონენტების განსაკუთრებულობის მკაფიო მაგალითია 2006 წელს გამგეობის წევრად და შემდეგ, 2007 წელს, რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტად, ჩვენი კიდევ ერთი თანამოაზრისა და ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერის, გია ნიჟარაძის დანიშვნა, რომლის შემდგომმა საპრეზიდენტო პერიოდმა, ქართულ რაგბს არნახული წარმატებები მოუტანა და სრულიად გამორჩეული ადგილი დაუმკვიდრა საქართველოში და მსოფლიოში. ამიტომ გოჩა სვანიძის საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის კანდიდატად წარდგენა ძალზედ ლოგიკურ და კარგად გააზრებულ ნაბიჯად მიგვაჩნია.

ილია ზედგენიძე (განსაკუთრებული ღირსებისა და მაღალი ინტელექტის მქონე გამორჩეული მებრძოლი და ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო წინამძღოლი), გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ მაშინ - რაგბის კავშირის მომავალ თავკაცებზე ფიქრისას - ჩვენს გრძელვადიან გათვლებში, ილია ზედგენიძეს განსაკუთრებულ სტატუსში მოვიაზრებდით. 2006 წლის ბოლოს, როდესაც მუხლის მძიმე ტრავმის გამო, ილო აქტიურ რაგბს ჩამოშორდა, ჩვენ მისი რაგბის კავშირში ერთერთ წამყვან თანამდებობაზე დანიშვნის შევთავაზებას ვგეგმავდით, იმ გათვლით, რომ კარგად გარკვეულიყო დიდ და მრავალფეროვან სარაგბო მეურნეობაში და დაეგროვებინა ის აუცილებელი გამოცდილება, რომლის გარეშე შეუძლებელია მაღალი რანგის მენეჯერის კვალიფიკაციის შეძენა და ისეთი რთული ორგანიზმის მართვა, როგორიც რაგბის კავშირია. ჩვენი ეს ჩანაფიქრი არ განხორციელდა, რადგან საბედნიეროდ, წარმატებული ოპერაციისა შედეგად, ილო დაბრუნდა ნაკრებში და ღირსეულად იასპარეზა 2007 წლის მსოფლიო თასზე. რა თქმა უნდა მას შემდეგ, რაც ილია ზედგენიძემ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტის რანგში დაიწყო მუშაობა, მან გარკვეული გამოცდილება დააგროვა, თუმცა ეს სეგმენტი მხოლოდ მცირედი ნაწილია იმ დიდი სარაგბო ორგანიზმის, რომლის მართვას უფრო ფართო და მრავალფეროვანი გამოცდილება ჭირდება. ვფიქრობ, რომ ილოს ექნება საშუალება სათანადო გამოცდილების შეძენის და მისი სახით, მომავალში გვეყოლება ღირსეული კანდიდატი რაგბის კავშირის ხელმძღვანელ თანამდებობებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე მივიჩნევთ, რომ ამ ეტაპზე, ილია ზედგენიძის კანდიდატურა - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობაზე - არ აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც აუცილებელია კავშირის წარმატებით ხელმძღვანელობისათვის და ქართული რაგბის შემდგომი შეუქცევადი განვითარებისათვის.

ზემოთ მოყვანილი მოსაზრებების გათვალისწინებით, ქართული რაგბის აღმავლობისა და განვითარების ტემპების შესანარჩუნებლად, თავს უფლებას ვაძლევთ მოგიწოდოთ - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობაზე - მხარი დაუჭიროთ გოჩა სვანიძის კანდიდატურას.
ბოლოს,ნება მოგვეცით გისურვოთ ყრილობის ჩატარება და გადაწყვეტილების მიღება, ჩვეულებისამებრ ჯანსაღ და ღირსეულ გარემოში, სრულიად საქართველოს სარაგბო თემს კი წინსვლა, წარმატებები და შემდგომი გამარჯვებები.
უღრმესი პატივისცემით,
მერაბ ანთაძე, სრკ-ს პრეზიდენტი 2004-2007
კოკა ლაზიშვილი, სრკ-ს ვიცე-პრეზიდენტი 2004-2007

0.122813