თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ევროლიგის ტოპ-16-ის გათამაშებაში უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა სოლიდური წვლილი შეიტანა.
ბასკური კლუბი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ მოსკოვის ცსკა-ს დაუხვდა და 81:71 დაამარცხა, შენგელია კი სასტარტო ხუთეულში იყო და 19:47 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.
თორნიკემ 5-დან 2 ორქულიანი, სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი ფორვარდისთვის განსაკუთრებულად შედეგიანი მატჩის მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელშიც მან 9 ქულა ჩააგდო. საბოლოოდ, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 17-ს უწია, რითაც ის მასპინძელთა რიგებში მხოლოდ იოანის ბურუსისს ჩამორჩა. ბერძენმა ცენტრმა 19 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა.
ცსკა-ს შემადგენლობაში 18 ქულით და 7 პასით საუკეთესო სერბი უკანახაზელი მილოშ ტეოდისიჩი იყო, თუმცა, მან ბოლო წამებისკენ წაგება ვერ აიტანა, მსაჯებს “საქმის” გარჩევა დაუწყო და 2 ტექნიკური ფოლის მიღების შემდეგ, დარბაზიდან გააძევეს.
“ლაბორალ კუჩამ” ტოპ-16-ის F ჯგუფში 2-2 მოგება-წაგება მოაგროვა დამატებითი მაჩვენებლებით მე-4 ადგილზეა. ასეთივე მონაგარით ბასკებს კვალში სწორედ ცსკა, “ბარსელონა” და “რეალი” უდგანან.
აღნიშნულ ჯგუფში დღეს 2 მატჩია: ორ-ორი მატჩის მომგები “ხიმკი” და “ბროზე ბასკეტი” ერთმანეთს მოსკოვში გაეჯიბრებიან, ხოლო “ოლიმპიაკოსი”, რომელსაც ზურგს ასევე 2 გამარჯვება უმაგრებს, სამივე თამაშის წამგებ “ჟალგირისს” დაუხვდება.
შენგელიას კლუბი მე-5 ტურის მატჩს 29 იანვარს ჩაატარებს, როდესაც კატალონიურ “ბარსელონას” ესტუმრება.