კალათბურთში საქართველოს თასის 2015-16 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს “ა” ლიგის მონაწილე “ვითა” და “წყალტუბო” დაუპირისპირდნენ.
თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გამართული თამაში “წყალტუბოს” უპირატესობით დაიწყო, რომელმაც შეძლო და პირველი მეოთხედი 3 ქულის უპირატესობით - 18:15 მოიგო. მეორე მეოთხედში უპირატესობას “ვითა” დაეუფლა. “ვითამ” არამარტო შეძლო ანგარიშის გათანაბრება, არამედ წინ გასვლაც მოახერხა და პირველი ტაიმი დიდი ანგარიშით 45:29 მოიგო. მეორე ტაიმში მასპინძლებმა უპირატესობა შეინარჩუნეს, 83:69 დაამარცხეს მეტოქე და თასისთვის ბრძოლას განაგრძობენ.
“ვითას” გამარჯვებაში ლომის წილი ამერიკელმა ლეგიონერებმა, უკანახაზელმა ანდრეი ჯოუნსმა და ომარ ტომასმა შეიტანეს. ჟოუნსმა ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 29 ქულა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მისი თანაგუნდელი ტომასი, რომლის ანგარიშზეც 27 ქულა და 13 მოხსნაა. “წყალტუბოს” შემადგენლობაში ასევე ლეგიონერები ლიდერობდნენ. 26 ქულით და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი უკრაინელმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ალექსანდრ რიხლიუკმა შეასრულა, რომელსაც მისი თანამემამულე და თანაგუნდელი სერგეი ალფოროვი 2 ქულით ჩამორჩა.
საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის ბოლოადგილოსანი “აკადემია” და “ვითა” შეხვდებიან. მათ შორის გამარჯვებული კი მეოთხედფინალში “დინამოს” დაუპირისპირდება. “აკადემია”-“ვითას” შეხვედრის დრო მოგვიანებით დაზუსტდება.
ამჟამად მიმდინარეობს საქათველოს თასის მეოთხედფინალის პირველი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს “მგზავრები” და “სოხუმი” ხვდებიან.
“ვითა” – “წყალტუბო” 83:69
(15:18, 30:11, 20:23, 18:17)