კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ “პარი სენ ჟერმენის” მფლობელები შეაქო და განაცხადა, მალე ფრანგული გრანდი ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალში იასპარეზებსო.
“ესაა ყატარის და ნასერის (კლუბის პრეზიდენტი) მშვენიერი საქმე. საფრანგეთში ამბობენ, რომ კარგი ღვინი კარგი რთველის და დამუშავების პროცესის შედეგია. ასე რომ, პსჟ ევროპულ ფეხბურთში უკვე კარგად დამუშავებულია. თუმცა ჯერ კიდევ აქვს სამუშაო, განსაკუთრებით ახალგაზრდულ ფეხბურთში. მალე პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა.” – განუცხადა France Football-ს ესპანელმა.
პარიზული გუნდი მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ს ერთპიროვნულად ლიდერობს და მეორეადგილოსან “მონაკოს” 21 ქულით უსწრებს. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი ლორან ბლანის შეგირდები ლონდონის “ჩელსის” დაუპირისპირდებიან.