საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვაკო ყაზაიშვილი omroepgelderland-ის ვერსიით ჰოლანდიის ერედივიზიონის XVIII ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 22 წლის ქართველმა შემტევმა “ბრედას” ფეხბურთელ კრისტიან სანტოსს ერთი ქულით აჯობა.
ყაზაიშვილმა ერედივიზიონის ბოლო ტურში “კამბურთან” საგარეო მატჩში ლამაზი გოლი გაიტანა, როცა ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო, ოსტატურად ორ ფეხბურთელს გვერდი აუარა და გატანა აღარ გასჭირვებია (VIDEO). ამასთან, პირველი გოლიც დიდწილად მისი დამსახურებით გავიდა, როცა მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა და დამატებაზე მილოთ რაშიცამ იხეირა.
ამავე წყაროს ვერსიით, საერთო მაჩვენებლით ვაკო 18 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ კრისიტიან სანტოსს 6 ქულით ჩამორჩება. მეორე ადგილზე კი მისივე თანაგუნდელი რაშიცა იმყოფება. ყაზაიშვილს მიმდინარე სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონატში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი.