ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტური ლიდერთა სამეულისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა და სამივემ დიდი ანგარიშით იმარჯვა.
მადრიდის “რეალმა” შინ “ხიხონი” მიიღო და გამარჯვებულის ვინაობა საწყის 15 წუთში გახადა ცნობილი. მე-18 წუთისთვის მადრიდელები უკვე 4:0 იგებდნენ, ხოლო ტაიმის ბოლოს კიდევ ერთი გაიტანეს. დუბლები გაიფორმეს ქარიმ ბენზემამ და კრიშტიანო რონალდუმ, ხოლო ერთი გოლი გარეტ ბეილის ანგარიშზეა. განსაკუთრებით ლამაზი გოლი ქარიმ ბენზემას პირველი ბურთი გამოდგა, რომელმაც “მაკრატელა” დარტყმით შეძლო გატანა.
მეორე ტაიმში “რეალს” თავი აღარ მოუკლავს და მეტოქეს თამაშის საშუალება მისცა, რომლებმაც პრესტიჟის გოლის გატანა 62-ე წუთზე შეძლეს – 5:1.
მადრიდის “ატლეტიკო” კანარის კუნძულებს ესტუმრა და ადგილობრივ “ლას პალმასს” სამი უპასუხო გოლი გაუტანა. დიეგო სიმეონეს შეგირდებმა პირველი ნახევარი ფელიპე ლუისის გოლით მოიგეს, ხოლო მეორე ტაიმში ანტუან გრიზმანმა გაიფორმა დუბლი – 0:3.
“ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “ბილბაოს” დაუხვდა და სუპერთასზე განცდილი გამანადგურებელი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო. მატჩის საკვანძო ეპიზოდი მე-4 წუთზე მოხდა, როდესაც მეკარესთან პირისპირ გასული ლუის სუარესი გორკა ირაისოსმა წააქცია. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა მატეუ ლაოსმა უყოყმანოდ პენალტი დანიშნა, ხოლო ბასკთა კარის დარაჯი გააძევა. პენალტი ლიონელ მესიმ ზუსტად შეასრულა და უკვე ადვილი გამოსაცნობი იყო, რომ “ბარსელონა” დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებდა. 31-ე წუთზე სუარესმა ამჯერად საგოლე გადაცემა მიითვალა და ნეიმარს გაატანინა. ტაიმი 2:0 დასრულდა.
მეორე ნახევარიც სუარესის ბენეფისით წარიმართა და ურუგვაელმა ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა, ხოლო ერთი ბურთი ივან რაკიტიჩმა გაიტანა და “ბილბაო” შინ შერცხვენილი გაუშვეს – 6:0.
მატჩის დაწყების წინ, ლიონელ მესიმ "ნოუ კამპზე" შეკრებილ პუბლიკას ახლახანს მოგებული ოქროს ბურთი წარუდგინა.
ლა ლიგა ზედიზედ მე-9 შეხვედრა ვერ მოიგო “ვალენსიამ”, რომელმაც შინ “რაიო ვალეკანო” მიიღო და ბოლოსკენ გადაურჩა წაგებას. პირველი ნახევარი სტუმრებმა ხოზაბედის გოლით მოიგეს. მეორე ტაიმის დასაწყისში ალვარო ნეგრედომ წინ გამოსული ხოსე კარლოსი დაინახა და მოედნის ცენტრიდან ულამაზესი გოლი გაუტანა. 69-ე წუთზე მასპინძელი მცველების უყურადღებობით ლორენტემ ისარგებლა და მადრიდული კლუბი კვლავ წინ გაიყვანა, ხოლო 88-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა პაკო ალკასერმა “ვალენსიას” ქულა გადაურჩინა – 2:2. აღსანიშნავია, რომ ორი წუთით ადრე ალკასერმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა არ არსებული თამაშგარე დააფიქსირა და გოლი გააუქმა.
წაუგებელი სერია 6-მატჩამდე გაზარდა “ხეტაფემ”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “ესპანიოლს” სძლია. მასპინძლები თავიდან ერნან პერესის გოლით აგებდნენ, თუმცა პედრო ლეონის, პაბლო სარაბიასა და მოი გომესის ბურთებით ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმეს – 3:1.
ვალენსია – რაიო ვალეკანო 2:2 (0:1)
ვალენსია, “მესტალია”
ვალენსია (4-1-4-1): რაიანი, სანტოსი, მუსტაფი, ბარაგანი (ბაკალი 81), კანსელო, ბარბოსა, პარეხო, გომეში, მინა (პიატი 61), როდრიგო, ნეგრედო (ალკასერი 65).
მწვრთნელი: გარი ნევილი
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხ.კარლოსი, ტიტო, ზე კასტრო, ქუინი, ნ.მარტინესი, დ.ლორენტე, ტრაშორასი, ხოზაბედი (ბაენა 85), ემბარბა (ბანგურა 34), პ.ერნანდესი, მიკუ (მანუჩო 69).
მწვრთნელი: პაკო ხემესი
გოლები: 0:1 ხოზაბედი (15), 1:1 ნეგრედო (55), 1:2 დ.ლორენტე (69), 2:2 ალკასერი (88)
გაფრთხილებები: ალკასერი – დ.ლორენტე, ქუინი, ბანგურა
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა
რეალი – ხიხონი 5:1 (5:0)
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
რეალი (4-3-3): ნავასი, ვარანი, პეპე, მარსელო, კარვახალი, მოდრიჩი, კროოსი, ისკო (ხამესი 60), ბეილი (ხესე 46), რონალდუ, ბენზემა (კოვაჩიჩი 65).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
ხიხონი (4-2-3-1): კუელარი, მერე, ლ.ერნანდესი, ი.ლოპესი, ლორა, კასესი, ს.ალვარესი (აიტ-ატმანე 61), ჰალილოვიჩი (ნდი 46), მენენდეში, ხონათანი, გერერო (სანაბრია 73).
მწვრთნელი: აბელარდო ფერნანდესი
გოლები: 1:0 ბეილი (7), 2:0;4:0 რონალდუ (9;18), 3:0;5:0 ბენზემა (12;41), 5:1 ი.ლოპესი (62)
გაფრთხილებები: მოდრიჩი – გერერო
მსაჯი: უნდიანო მალენკო
ხეტაფე – ესპანიოლი 3:1 (2:1)
ხეტაფე, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, კალა, ვერხინი, იოდა, დ.სუარესი, ხ.როდრიგესი, ლასენი, ვ.როდრიგესი (მენსა 89), სარაბია, ლეონი (მ.გომესი 81), ვაზკესი (სცეპოვიჩი 72).
მწვრთნელი: ფრან ეკრიბა
ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ, როკო, ა.გონსალესი, რ.კორეა, ვ.ალვარესი, აბრაჰამი (მონტანესი 72), დიოპი (ხორდანი 52), სევილია, ასენსიო, ჰ.პერესი, კაისედო.
მწვრთნელი: კონსტანტინ გალსა
გოლები: 0:1 ჰ.პერესი (26), 1:1 ლეონი (29), 2:1 სარაბია (37), 3:1 მ.გომესი (94)
გაფრთხილებები: კალა, ვაზკესი – როკო, ჰ.პერესი
მსაჯი: კლოს გომესი
ლას პალმასი – ატლეტიკო 0:3 (0:1)
ლას პალმასი, “გრან კანარია”
ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი, დ.გარსია, გარიდო, აიტამი, კასტელიანო, ვ.გომესი, მესა, ტანაუსუ (არაუხო 80), ელ ჟარი (ვაკასო 66), ვიერა, ვ.ჟოსე.
მწვრთნელი: კიკე სეტიენი
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, გოდინი, ხიმენესი, ხუანფრანი, ლუისი, ა.ფერნანდესი (ტეიე 66), გაბი, საული, კოკე, ვიეტო (კარასკო 62), გრიზმანი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლები: 0:1 ლუისი (17), 0:2;0:3 (68;89)
გაფრთხილებები: ა.ფერნანდესი, ხიმენესი
მსაჯი: ვიკანდი გარიდო
ბარსელონა – ბილბაო 6:0 (2:0)
ბარსელონა, “ნოუ კამპი”
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მასკერანო, ალბა (ბარტრა 72), ვიდალი, რაკიტიჩი (რობერტო 63), ბუსკეტსი, ინიესტა, მესი (თურანი 46), ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, ეჩიტა, ბოვედა, ბალენსიაგა, სან ხოსე, ბენიატი (იტურასპე 63), ერასო, მუნიაინი (ერერინი 6), დე მარკოსი, უილიამსი (მერინიო 56).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გოლები: 1:0 მესი (7 პენ.), 2:0 ნეიმარი (31), 3:0;5:0;6:0 ლ.სუარესი (47;69;82), 4:0 რაკიტიჩი (62)
გაფრთხილებები: მასკერანო, პიკე – დე მარკოსი, ერასო
გაძევება: ირაისოსი (4)
მსაჯი: მატეუ ლაოსი