ევროლიგის ტოპ-16-ის მე-3 ტურში მარცხი შეემთხვათ თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩას” და მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკას”.
შენგელიას კლუბი რუსულ “ხიმკის” სტუმრობდა და სუსტად ჩატარებული მე-3 მეოთხედის (9:20) გამოისობით, 68:76 წააგო. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და 17:30 წუთში 9 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
თორნიკემ 2-ვე ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
ბასკური კლუბის რიგებში 10-ქულიან ზღვარს ვერავინ უწია, გუნდის ლიდერმა იოანის ბურუსისმა კი მხოლოდ 3 ქულა ჩააგდო.
ამ ფონზე ხიმკელთა ლიდერები შეუდარებელნი იყვნენ: ალექსეი შვედმა 24 ქულა ჩააგდო, ჯეიმს ოგასტინმა – 22, ხოლო ტაირის რაისმა 7 ქულას ერთბაშად 13 პასი წაამატა.
“ლაბორალ კუჩას” 1 მოგებით და 2 მარცხით F ჯგუფში მე-6 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 21 იანვარს, შინ, მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ ჩაატარებს.
3 წაგებით E ჯგუფში ბოლო პოზიციაზეა “დარუშაფაკა”, რომელიც სტამბოლურ დერბიში “ანადოლუ ეფესს” გაეჯიბრა და 71:84 დამარცხდა.
მარკოიშვილი სასტარტო ხუთელში გამოჩნდა, თუმცა, 15:59 წუთში ორქულიანი და ორივე სამქულიანი ააცილა და მხოლოდ ორ პასს გამორჩა, პასივში კი 3 პერსონალური ფოლი ჰქონდა.
სტუმრებს 20 ქულით ამერიკელმა სკოტი უილბეკინმა ულიდერა, “ანადოლუ ეფესის” მხრიდან კი 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად 4 კალათბურთელი ასცდა: ჯეისონ გრეინჯერი (15), დერიკ ბრაუნი (13), ჯედი ოსმანი (12) და ჯონ დიბლერი (11).
“დარუშაფაკა” მე-4 ტურის მატჩს 22 იანვარს კიდევ ერთ თურქულ კლუბთან – სტამბოლის “ფენერბაჰჩესთან” ჩაატარებს.