საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ილია ზედგინიძემ, სასტუმრო “ციტადელში” საკუთარ გუნდთან ერთად დაადასტურა, რომ სურს მომდევნო 4 წლით ქართული რაგბის განვითარებაზე პასუხისმგებელი პირი იყოს. ის საკუთარი პროგრამის წარდგენას მომავლ კვირაში აპირებს, სავარაუდოდ 20 იანვარს, დღევანდელ პრესკონფერენციაზე კი, ზოგადი საუბრით შემოიფარგლა.
შეხვედრას ზედგინიძის მომხრე კლუბების წარმომადგენლები, ვეტერანი და მოქმედი და მორაგბეები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ ზედგინიძის მსგავსად საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნები - ირაკლი აბუსერიძე და ირაკლი მაჩხანელი, ასევე, “ბორჯღალოსნების” მენეჯერი ვასილ აბაშიძე.
ილია ზედგინიძე: “მადლობა მობრძანებისთვის და მთელ ქვეყანას ვულოცავ შობა-ახალ წელს. ვისურვებდი, რომ ეს წელიწადი წარმატებული ყოფილიყოს მთელი ქვეყნისთვის. დღევანდელი შეკრების მიზანი ჩემი პოზიციის დაფიქსირებაა - არჩევნებში მონაწილეობას ვიღებ. ჩემთვის დიდი პატივია პრეზიდენტის კანდიდატად წარდგენა და მინდა ყველას მადლობას ვუთხრა გამოცხადებული ნდობისთვის. მთავარი, რამაც ამ არჩევნებში მონაწილეობა გადამაწყვეტინა, არის ვალდებულება ქართული რაგბის წინაშე. გვსურს, რომ ქართულ რაგბის დავუბრუნდეთ და მოვახმაროთ ის გამოცდილება, რაც წლების განმავლობაში საფრანგეთში დაგვიგროვდა. სიყვარული, რომელსაც გულშემატკივრებისგან ვგრძნობდით, გაათმაგებულია, როდესაც ამას მთელი ერი იზიარებს. რაგბის განვითარების ჩვენებურ ხედვას იმ კვირაში, სავარაუდოდ 20 იანვარს გაგაცნობთ.
დღესდღეობით ჩემი კანდიდატურა 13-მა სუბიექტმა წარადგინა, მაგრამ გრძელდება დოკუმენტაციის შეგროვება და წარმდგენთა რაოდენობა სავარაუდოდ 20-22-მდე გაიზრდება. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ იურიდიული ძალა არა აქვს, ანუ, შესაძლოა კლუბმა რომელიმე კანდიდატურა წარადგინოს, მაგრამ არჩევნებში ხმა სხვა კანდიდატს მისცეს.
მიმართულებები, რომელზეც ყურადღებაა გასამახვილებელი, არის შიდა ჩემპიონატი, სასკოლო რაგბი, ბევრად უკეთეს მსაჯობას ვიმსახურებთ და მათთვისაც ბევრად უკეთესი გარემოა შესაქმნელი, ქართულმა კლუბებმაც ბევრად დიდ გამოწვევებს უნდა შეხედონ. განვლილ წლებში ნაკრებმა გუნდებმა არაჩვეულებრივი შედეგი აჩვენეს, მაგრამ აუცილებელია თამაშის ხარისხმა მოიმატოს. საქმე დეტალებშია, რომელიც საბოლოო ჯამში ბევრ რამეს ცვლის და ჩვენ სწორედ ამ დეტალებზე ვაპირებთ მუშაობას. რაგბის განვითარება მხოლოდ გარე ფაქტორებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და აუცილებელია შიდა სტრუქტურის განვითარება.
ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში უპირველესი ამოცანა ამ დაძაბული ფონის განმუხტვა იქნება. ყველანი ერთად თუ არ დავდექით, ქართული რაგბი ვერ განვითარდება და პირიქით, საქმე უკან წავა. ამისთვის სტრუქტურა იურიდიულად უნდა გაიმართოს და რაგბის ოჯახის ერთიანობა შენარჩუნდეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელზე ყველანი შეჯერებული ვიყავით. მილტონ ჰეიგმა დასახული ამოცანა შეასრულა, მსოფლიო თასზე 2 თამაშის მოგებით ისტორიული შედეგი დადო და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება აბსოლუტურად ლოგიკური ნაბიჯი იყო”.
ირაკლი აბუსერიძე: “ილია ზედგინიძეს რეკლამა და ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება. ჩვენ ერთად, ბევრისთვის მიგვიღწევია საქართველოს ნაკრების მაისურით. ჩემი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, ბევრი ვიფიქრეთ და საბოლოოდ ღირსეულ კანდიდატზე შევჯერდით. ქართული რაგბის განვითარებზე ერთნაირი ხედვა გვაქვს და ილიას გამარჯვების შემთხვევაში, ვეცდებით საქმეს პროფესიონალურად გავუძღვეთ”.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 24 იანვარს გაიმართება. კანდიდატების წარდგების ვადა 18 იანვარს, 13 საათზე იწურება და ილია ზედგინიძის გარდა საკუთარი კანდიდატურა სრკ-ს გამგეობის თავმჯდომარე გოჩა სვანიძემ წამოაყენა. სვანიძემ დღეს წარუდგინა გულშემატკივრებს საკუთარი პროგრამა და ამის შესახებ ინფორმაციას worldsport.ge ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.