რაგბი

20:19 | 12.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბორჯღალოსნებს” ისევ მილტონ ჰეიგი დაარიგებს, მისი ასისტენტი კი ლევან მაისაშვილი იქნება
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის გადაწყვეტილება

სრკ-ს გამგეობის გადაწყვეტილება ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის და ასისტენტის დამტკიცებისა და საშეჯიბრო დებულებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ.

2016 წლის 9 იანვარს გაიმართა სრკ-ს გამგეობის სხდომა, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად, მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:

  1. 2015-2016 წლის საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით ორგანიზებული კაცთა, ქალთა და ჭაბუკთა შეჯიბრებების ჩატარების შესახებ დებულების მე-5 მუხლის 28 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილებები და დამატებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“კაცთა ეროვნულ ნაკრებ გუნდში ან/და მზარდი საქართველოს ნაკრებ გუნდში ან/და შვიდკაცა ეროვნულ ნაკრებ გუნდში ან/და 19-20 წლიანთა ნაკრებ გუნდში სამი ან მეტი მოთამაშის გაწვევის შემთხვევაში, 1 სეზონის განმავლობაში შესაძლებელია მხოლოდ 3 (სამი) თამაშის გადატანა, რის შესახებ გუნდმა (კლუბმა) უნდა აცნობოს საშეჯიბრო კომიტეტს 5 კალენდარული დღით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში მატჩი არ გადაიდება. მწვრთნელების ნაკრებებში მივლინების გამო თამაში არ გადაიდება, თუნდაც ეს პიროვნება საკლუბო განაცხადში მოთამაშედ ირიცხებოდეს”.

  1. 2015-2016 წლის საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით ორგანიზებული კაცთა, ქალთა და ჭაბუკთა შეჯიბრებების ჩატარების შესახებ დებულების მე-5 მუხლს დაემატოს 28I პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ამ მუხლის 28 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი არ მოქმედებს „დიდი-10“, I და რეგიონალური ლიგების ფლეი-ოფის მიმდინარეობისას.
  2. სრკ-ის ვიცე პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატად წარადგინა მილტონ დეივიდ ჰეიგი, ხოლო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტის კანდიდატად ლევან მაისაშვილი.

გამგეობამ იმსჯელა წარმოდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაამტკიცა მილტონ დეივიდ ჰეიგი, ხოლო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობაზე ლევან მაისაშვილი 2+2 წლის ვადით.

დამტკიცებულ მთავარ მწვრთნელთან და მის ასისტენტთან შრომით ხელშეკრულებას გააფორმებს სრკ-ს ახალი პრეზიდენტი.

0.115615