იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ და კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა “ოქროს ბურთის” 2015 წლის გამოკითხვაში პროტესტის ნიშნად მონაწილეობა არ მიიღეს.
როგორც Football Italia იტყობინება, იტალიელთა ბოიკოტის მიზეზი ნომინანტთა 23-კაციან სიაში ბუფონის არშეყვანა გახდა. ეროვნული გუნდის მწვრთნელმა და კაპიტანმა გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ რეკომენდაცია იტალიის ფეხბურთის ფედერაციისგან მიიღეს.
გასულ წელს ბუფონი “იუვენტუსთან” ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, ხოლო ნაკრებთან ერთად ევრო-2016-ის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
2015 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელი კარიერაში მეხუთედ გახდა “ბარსელონას” ფორვარდი ლიონელ მესი, მეორე ადგილზე “რეალის” შემტევი კრიშტიანუ რონალდუ გავიდა, ხოლო მესამეზე მესის თანაგუნდელი ნეიმარი.