ინგლისური “მანჩესტერ სიტისა” და კოტ დივუარის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა იაია ტურემ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ აფრიკის 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად “დორტმუნდის” გაბონელი ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი დასახელდა. ტურეს თქმით, ის, რაც აფრიკაში ხდება სამარცხვინო და უხამსობაა.
“ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული და დამწუხრებული ვარ. სირცხვილია, რომ აფრიკაში უპირატესობას კონტინეტს მიღმა მიღწეულ შედეგებს ანიჭებენ და ფოკუსირება თვითონ აფრიკაზე არ ხდება. ეს უხამსობაა”, - თქვა გაბრაზებულმა ტურემ.
საქმე ისაა, რომ აფრიკის 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის ბრძოლაში ობამეიანგმა ტურეს სულ რაღაც 7 ხმით მოუგო (143-136-ის წინააღმდეგ). არადა, შარშან ტურემ თავისი ქვეყნის ნაკრებთან ერთად აფრიკის თასი მოიგო, ხოლო იმავე გათამაშებაში ობამეიანგის გაბონმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია. როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ტურეს აღშფოთება და გულისწყრომა...