გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარმა “შალკემ” კიევის “დინამოს” მაროკოელი ნახევარმცველი იუნეს ბელჰანდა გადაიბირა. ამის შესახებ გელზენკირხენული გუნდის ვებგვერდი იტყობინება. აფრიკელი ფეხბურთელი “ველტინს არენაზე” სეზონის ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულებით ითამაშებს.
“ბელჰანდა ჩვენს გუნდს გამოადგება. იგი სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია”, - თქვა “ხუმარების” მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ბრეიტენრეიტერმა.
ბელჰანდას “დინამოსთან” კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და უკრაინის ჩემპიონის რიგებში მიმდინარე სეზონში 12-ჯერ ითამაშა, თუმცა გოლი არ გაუტანია. 25 წლის ბელჰანდამ მანამდე სახელი ფრანგულ “მონპელიეში” თამაშით გაითქვა, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და 2012 წელს მოკრძალებული კლუბის გაჩემპიონებაში საკმაოდ დიდი როლიც ითამაშა.