სხვა

11:20 | 7.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხინჩეგაშვილის მორიგი აღიარება, წლის კაპიტანი გორგოძეა - სპორტის სამინისტრომ საუკეთესოები გამოავლინა

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2015 წელი შეაჯამა და 10 ნომინაციაში საუკეთესოები გამოავლინა. ოლიმპიური კომიტეტის მსგავსად, სპორტის სამინისტროს ვერსიითაც წლის საუკეთესო სპორტსმენი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდა. მას კონკურენციას ადამ ოქრუაშვილი და ლაშა ტალახაძე უწევდნენ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ლოს ანჯელესში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და ჭიდაობაში 10-წლიანი უსიამოვნო ტრადიცია დაარღვია. 2005 წელს მსოფლიოს ჩემპიონი რევაზ მინდორაშვილი გახდა.

ადამ ოქრუაშვილმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ოქრო, ხოლო მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაო მოიპოვა. ძალოსანი ლაშა ტალახაძე კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ვლადიმერისთვის აღიარება მოულოდნელი გახლდათ და დაჯილდოების შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა: “ორმაგად სასიხარულოა როდესაც ოლიმპიური კომიტეტი და სამინისტრო წლის საუკეთესო სპორტსმენად გასახელებს. 2016 წელს შევეცდები გულშემატკივრები კვლავ გავახარო და ჩემი ქვეყანა კიდევ ერთხელ ვასახელო.”

საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გახდა ზვიად პატარიძე, რომელმაც ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონობა, როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ შეჯიბრებებში მოიგო. ზვიადი უკვე წარმატებული სპორტსმენია და მან რიოში ოლიმპიურ მედალს დაუმიზნა.

ზვიად პატარიძე: “სერიოზული კონკურენტი მყავდა, ბექა ღვინიაშვილის სახით, თუმცა წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად მე ამირჩიეს და ძალიან გახარებული ვარ. ჩემ თანაგუნდელებს ყველას დიდი მადლობას ვუხდი და შევეცდები 2016 წელს ოლიმპიური მედალი მოვიპოვო.”

ხინჩეგაშვილის დამრიგებელი ნუგზარ სხირელი წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. მას კონკურენციას რაგბის და კალათბურთის ნაკრებების მწვრთნელები მილტონ ჰეიგი და იგორ კოკოშკოვი უწევდნენ.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მანუჩარ კვირკველიამ ცერემონიალის შემდეგ განაცხადა, რომ რამდენიმე ნომინაციაში ჭიდაობის წარმომადგენლის აღიარება, ფედერაციის კარგ მუშაობას უკავშირდება.

მანუჩარ კვირკველია: “ჭიდაობის სახეობას რამდენიმე პრიზი ერგო, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გვყავს, ასევე წლის საუკეთესო სპორტსმენიც ჭიდაობის სახეობიდან გამოირჩა. რამდენიმე ნომინაციაში გავიმარჯვეთ და ეს ჩვენ კარგ მუშაობას ხაზს უსვამს. 2016 წელს შევეცდებით გულშემატკივრები კვლავ გავახაროთ, მოვიპოვოთ ოლიმპიადის ლიცენზიები და რიოში ღირსეულად წარვსდგეთ.”

პარაოლიმპიურ სახეობებში ვაჟებში ზვიად გოგოჭური გამოარჩიეს. ძიუდოისტმა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში უსინათლოთა მსოფლიო თამაშებზე დებიუტი ოქროს მედლით აღნიშნა. ქალებში კი საუკეთესოობა ირმა ხეცურიანს ხვდა წილად. მოფარიკავემ საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს თასის ერთ-ერთ ეტაპზე ოქროს მედალი მოიპოვა. ირმამ დაჯილდოების შემდეგ აღნიშნა, რომ პარასპორტსმენები ქვეყნისთვის საჭირო ადამიანები არიან.

ირმა ხეცურიანი: “არ მოველოდი აღიარებას. მე და ჩემმა გუნდმა მსოფლიოს თასისთვის ბევრი ვიშრომეთ და წარმატებას მივაღწიე. მთავარი ისაა, რომ ჩვენ პარასპორტსმენები ვამტკიცებთ, რომ ქვეყნისთვის საჭირო პიროვნებები ვართ.”

წლის საუკეთესო გუნდის ნომინაციაზე ჭადრაკის, რაგბის და კალათბურთის ნაკრებები იყვნენ წარდგენილნი. ქართული სპორტის ისტორიაში ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. “ბორჯღალოსნებმა” მსოფლიოს თასზე ორ მატჩში იმარჯვეს და იაპონიაში 2019 წელს გასამართი მომავალი ტურნირის საგზური მოიპოვეს, ხოლო კალათბურთელები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში პირველად გავიდნენ. სამინისტრომ ქალბატონები აღიარა.

ნონა გაფრინდაშვილმა დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ განაცხადა, გოგონებმა შეუძლებელი შეძლეს და ისტორიულ გამარჯვებას მიაღწიესო.

ნონა გაფრინდაშვილი: “ჭადრაკისთვის მნიშვნელოვანი წელი იყო, რადგან გოგონათა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. ეს არ იყო ადვილი მისაღწევი, რადგან სერიოზული კონკურენტები გვყავდა. საქართველოს ასეთი წარმატება აქამდე არ ჰქონდა და ნაკრები ქართული ჭადრაკის ისტორიაში შევიდა. საკლუბო დონეზეც წარმატებას მივაღწიეთ.

სპორტის სხვადასხვა სახეობებში სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და მთავარია ლიცენზიები მაქსიმალურად მოიპოვონ. 2016 წელი გამორჩეული იქნება. გარდა რიოში გასამართი ოლიმპიადისა, საქართველოში მსოფლიოს გრან პრი ქალთა შორის გაიმართება, აგრეთვე ჩატარდება ოლიმპიადა. წარმატებას ვუსურვებ ყველას.”

არაოლიმპიურ სახეობაში ზედიზედ მესამედ საუკეთესო სამბოს ნაკრების წევრი ვახტანგ ჩიდრაშვილი გახდა. 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზემ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. წლის მენეჯერის წოდება ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელს დავით ქევხიშვილს ერგო, ხოლო საუკეთესო მსაჯი თემურ ყაზარაშვილი გახდა.

2015 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ტიტული ერგო მშვილდოსან ხათუნა ნარიმანიძეს, რომელმაც ბაქოში გამართულ პირველ ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ნარიმანიძე ქალთა ნაკრებს ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებაშიც დაეხმარა. დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალამდე მიაღწია და რიოს საგზური დაიბევა.

წლის საუკეთესო ფედერაციის ტიტულისთვის კალათბურთის და რაგბის მმართველ ორგანიზაციებს აღიარება არ ერგოთ და სამინისტრომ საუკეთესოდ ძალოსნობის ფედერაცია პირველად დაასახელა.

აღნიშნულმა ორგანიზაციამ 2015 წელს თბილისში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა და საერთაშორისო ფედერაციების ხელმძღვანელებისგან კარგად ჩატარებული ტურნირისთვის მადლობაც მიიღო.

კახი კახიაშვილი (ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი): “მოულოდნელი გახლდათ ჩვენი აღიარება. კარგი წელი გამოგვივიდა და ეს დასაფასებელია. ჯერჯერობით 4 დარბაზი გვაქვს, რაც ძალიან ცოტაა. 2016 წელს ჩვენი ხარჯებით და ძალისხმევით კიდევ 9 დარბაზი ჩადგება მწყობრში. ოლიმპიური თამაშები გვიახლოვდება, სამი ლიცენზია უკვე მოვიპოვეთ და კიდევ ერთის შანსი გვაქვს წელს. მადლობა აღიარებისთვის. ოლიმპიურ ნაკრებებს რიოში წარმატებებს ვუსურვებ.”

სპორტისა და ახალგზარდობის სამინისტრომ დაჯილდოების ცერემონიალზე 5 სპეციალური პრიზი გასცა. მართალია წლის საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციაზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ლიდერი მამუკა გორგოძე არ ფიგურირებდა, თუმცა მან საუკეთესო კაპიტნის წოდება მიიღო.

მსოფლიოს თასზე ახალ ზელანდიასთან გამართულ მატჩში გორგოძე საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს რამდენიმე ინტერნეტ და ბეჭდურმა გამოცემამ მამუკა ინგლისში გამართული ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

წლის აღმოჩენა ძიუდოისტ გოგონათა ნაკრები გახდა. ბიზნეს კომპანიებში ვი თი ბი ბანკი გამოარჩიეს. სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო ზურაბ კახაბრიშვილს გადაეცა, ხოლო სტუდენტური სპორტის მხარდაჭერისთვის საუკეთესოობა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს ერგო.

2015 წელი მოკლედ ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ლერი ხაბელოვმა, მიხეილ გაბრიჩიძემ და ალექსანდრე მეტრეველმაც შეაჯამეს.

ტარიელ ხეჩიკაშვილი (სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): “2015 წელი ქართული სპორტისთვის წარმატებული გამოდგა. სპორტსმენებს წარმატების მისაღწევად პირობები აქვს და რაც მთავარია, ყველა ერთად ვართ, ჩვენ, გულშემატკივრები. რაც შეეხება ფედერაციების დაფინანსების თემას, ჩვენ რამდენიმე კრიტერიუმი გვაქვს და ასე განვსაზღვრავთ, რომელი ფედერაცია რამდენს მიიღებს. რა თქმა უნდა, სადაც მეტია წარმატების შანსი, დაფინანსებაც შესაბამის ფედერაციებს მეტი ექნებათ.”

ლერი ხაბელოვი (ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი): “ნამდვილად წარმატებული წელი გვქონდა. ორი მსოფლიოს ჩემპიონი გვყავს და ლიცენზიებიც მოვიპოვეთ. 2015 წელი კიდევ იმით იყო გამორჩეული, რომ ახალი ობიექტები შეიქმნა, ჩვენ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩავატარეთ და ევროპის ოლიმპიური კომიტეტისგან მაღალი შეფასება მივიღეთ. ჯერ კიდევ გვაქვს სალიცენზიო დრო და ვიმედოვნებ, რიოში გასამართ ოლიმპიადაზე მრავალი სპორტსმენით წარვსდგებით.”

მიხეილ გაბრიჩიძე (კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): “კალათბურთში ბევრი საინტერესო პროექტი დაიწყო. ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში პირველად ითამაშა და ეს დიდი მიღწევაა. აგრეთვე ახალგაზრდულმა ნაკრებებმა კარგი წელი ჩაატარეს და წინსვლა გვაქვს.”

ალექსანდრე მეტრეველი (ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): “ქართულ სპორტს წარმატებული წელი ჰქონდა. ჩოგბურთიც გამოირჩა, ცალკე ნიკოლოზ ბასილაშვილი, ასევე გოგონათა და ვაჟთა ეროვნული ნაკრებები. დევისის თასის ეტაპის მასპინძლები გავხდით. ასე რომ, წინსვლა გვაქვს. ჩოგბურთელებს პირადი რეიტინგები გაუმჯობესებული აქვთ და 2016 წელს იმედის თვალით ვუყურებთ.”

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2015 წლის მოკლე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართველმა სპორტსმენებმა 670 მედალი მოიპოვეს. აქედან 198 ოქროს სინჯის გახლავთ, 198 – ვერცხლის, ხოლო 274 ბრინჯაოსი. მსოფლიოს ჩემპიონატებზე ქართველებმა 135 მედალი მოიპოვეს, ევროპის ჩემპიონატზე კი 193. ბაქოში გამართული ევროპული თამაშებიდანსაქართველოს დელეგაცია 16 მედლით დაბრუნდა.

და ბოლოს, სამომავლო გეგმებზეც ვთქვათ ორი სიტყვა. 2016 წელს საქართველო შემდეგ ტურნირებს უმასპინძლებს:

თბილისის გრან პრი ძიუდოში (მარტი)

დევისის თასის ეტაპი ჩოგბურთში (მარტი)

მსოფლიოს გრან პრი ქალთა შორის ჭადრაკში (აპრილი-მაისი)

ევროპის ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში (მაისი)

მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის ძალოსნობაში (ივნისი)

ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის მძლეოსნობაში (ივლისი)

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები კალათბურთში (აგვისტო)

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 18-წლამდელთა შორის (აგვისტო)

მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის ჭიდაობაში (სექტემბერი)

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები ფეხბურთში (წლის განმავლობაში)

რაგბი-ევროპის ჩემპიონატის მატჩები, მსოფლიოს რაგბის თბილისის თასი და ტესტ მატჩები (წლის განმავლობაში)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125927
სარეკლამო ადგილი - 99
X x X