ის, რაზეც ახლა ვწერთ, ვფიქრობთ, საჭირბოროტო საკითხია და აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება. ეს არის სკაუტიზმის სისტემა, რის დაგეგმვასაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აპირებს და ლევან კობიაშვილს ადრე ხშირად უთქვამს.
2001 წელს დაბადებულებიდან დაწყებული, ყველა ასაკობრივ ჯგუფში არის ნაკრები გუნდები. აი, 2000 წელს დაბადებულებს შემოდგომაზე ელით პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი (მეტოქეები: ფინეთი, შვედეთი, ბულგარეთი – ჯგუფის შეხვედრები ფინეთში); 1999 წელს დაბადებულებს გაზაფხულზე ელიტრაუნდი (მეტოქეები: იტალია, რუსეთი, ბოსნია – თბილისში), 1998 წელს დაბადებულები გაისად ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ, 1997 წელს დაბადებულებს კი ასევე ელიტრაუნდი ელით ამ გაზაფხულზე (მეტოქეები: ესპანეთი, ინგლისი, საბერძნეთი – ჯგუფის შეხვედრები ესპანეთში). ამის ზემოთ უკვე 21-წლამდელებია, მერე კი ეროვნული ნაკრები.
აქამდე ზოგიერთ ასაკში ხშირად ისე ხდებოდა, რომ სელექცია “ისე რა” ტარდებოდა. არჩეული იყო 18-20 ჭაბუკი და ერთ-ორ ჭაბუკს მიამატებდნენ-გამოაკლებდნენ. ყველა მწვრთნელს და ყველა ნაკრებს ნამდვილად არ ეხება და ასაკობრივ ნაკრებებშიც რომ შედეგი ბოლო წლებში გვაქვს, ამას თქმა არ უნდა. უბრალოდ, სასელექციო პროცესი სხვა ქვეყნებში (მაგალითად, გერმანიასა და დანიაში) გაცილებით მოქნილი და გამჭვირვალეა, ვიდრე აქ.
ახლა ზოგი იტყვის, ის გერმანია და დანიაა, ჩვენ კი საქართველოო, მაგრამ აქ უფრო იოლი არ არის? აქ არჩევანი იმდენად დიდი არაა, გუნდებიც ცოტაა.
წამყვან ქვეყნებში კი, აი როგორ ხდება: სისტემატურად ესწრებიან თამაშებს სკაუტები, რომლებიც აკვირდებიან, ფიქრობენ, ანალიზს უკეთებენ. კონკრეტულ ჭაბუკებზე ქმნიან საინფორმაციო ბაზას. ამას დიდი ხარჯი და 100-კაციანი სკაუტთა ჯგუფი ნამდვილად არ სჭირდება, რადგან მწარე რეალობიდან გამომდინარე, ცოტა გუნდია საქართველოში.
ხშირად ისე ხდება, რომ ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელი ჭაბუკზე ინფორმაციას იგებს კლუბის მწვრთნელისგან და ის მწვრთნელი ვისაც ურჩევს, იმას იძახებს. ეს მარტო ნაკრებში გამოძახებას კი არ ეხება, არამედ, რაიმე ტურნირების შემდეგ დაჯილდოვებას. გუნდის მწვრთნელი რომელ ფეხბურთელზეც იტყვის, იმათ აძლევენ ინდივიდუალურ პრიზს, რაც არაპროფესიონალური მიდგომაა.
სკაუტთა ჯგუფი 10-15 კაციანიც რომ იყოს, უკვე მოქნილი იქნებოდა. უნდა დააკვირდნენ ყველა რეგიონში და ასე სამუშაო შეუმსუბუქდება ნაკრების მთავარ მწვრთნელსაც. ჩვნთან ისე ხდება, რომ წარმატებაც და წარუმატებლობაც მხოლოდ მთავარ მწვრთნელს მიეწერება, არადა, ეს არასწორია.
სელექციაში შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული. შეუძლებელია, რომ არ შეცდე და შეუძლებელია, რომ რომელიმე ჭაბუკი და მისი მშობელი განაწყენებული არ დარჩეს, მაგრამ როცა ეს პროცესი გამჭვირვალე იქნება, განაწყენებულიც ცოტანი იქნებიან და სალაპარაკო არ დარჩებათ. სკაუტიზმის სისტემა აუცილებლად ასამუშავებელია და თანაც, დროულად.