ფეხბურთი

15:18 | 6.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ტრანსფერებისთვის 215 მილიონ სტერლინგს გამოყოფს

როგორც ბრიტანული Daily Star-ი იუწყება, “მანჩესტერ იუნაიტედი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდისთვის 215 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს.

“წითელი ეშმაკების” ინტერესის სფეროში შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ: სადიო მანე (“საუთჰემპტონი”), ფელიპე ანდერსონი (“ლაციო”), გარეთ ბეილი (მადრიდის “რეალი”), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”).

Daily Mirror-ის ინფორმაციით, უელსელი მოთამაშე რაფაელ ბენიტესის კლუბიდან გაშვებით უკმაყოფილოა და კლუბის გამოცვლას ფიქრობს. “მანჩესტერი” მზადაა შემტევისთვის “რეალს” 75 მილიონი გადაუხადოს. დარჩენილი 140 მილიონი კი ზემოთნახსენები სამი ფეხბურთელის შესაძენად იქნება განაწილებული.

“წმინდანების” სენეგალელმა შემტევმა მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონ ევროს შეადგენს.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევის, 22 წლის ანდერსონის ღირებულება 20 მილიონ ევროდაა განსაზღვრული. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა “ლაციოს” შემადგენლობაში 25 მატჩში 5 გოლი გაიტანა და სამჯერ თანაგუნდელებსაც გამოაჩენინა თავი. აქვე ცნობილია, რომ რომაული გუნდი მზადაა სამხრეთამერიკელი ინგლისელებს 60 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაუთმოს.

ობამეიანგს მიმდინარე სეზონში კარიერის საუკეთესო პერიოდი აქვს. 27 მატჩში გაბონელმა 27 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 2015 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით 35 მილიონ ევროს შეადგენს და სავარაუდოდ მისი ფასი საგრძნობლად გაიზრდება.

მსოფლიოს ერთ-ერთ ძვირადღირებულ ფეხბურთელ გარეთ ბეილს სეზონის 10 მატჩი ტრავმი გამო გაუცდა. უელსელმა მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა და 9 გოლთან ერთად 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 2013 წლის შემდეგ არ შეცვლილა და 80 მილიონ ევროს შეადგენს. როგორც ინგლისური მედია იუწყება, “იუნაიტედის” მთავარი სამიზნე სწორედ ბეილია.

0.103612