ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნამ” ესპანეთის მე-2 ლიგის ერთპიროვნულ ლიდერ “პალენსიასთან” გასვლითი მატჩი 86:91 წააგო, სასიხარულო კი ის იყო, რომ ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ფავორიტთანაც ყოჩაღად გამოიყურებოდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 27:51 წუთში 23 ქულა, 8 მოხსნა (4 შეტევაში) და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ბექამ 13-დან 7 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არცერთხელ დაუკარგავს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
საბოლოოდ, ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 27-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. დიდი შანსია, ბექამ ტრადიცია არ დაარღვიოს და ტურის სიმბოლურ ხუთეულში კიდევ ერთხელ მოხვდეს.
“ლეიმა ბასკეტ კორუნა” 7 მოგებით და 9 მარცხით 16-გუნდიან ლიგაში მე-10 ადგილზეა, მომდევნო მატჩი კი 8 იანვარს, შინ, მე-2 პოზიციაზე მყოფ “მელილა ბალონკესტოსთან” ელის.