კალათბურთი

23:46 | 3.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას ექვსიანები და გამარჯვება “რეალთან”

თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტ მადრიდის “რეალს” 86:80 სძლია და 11 მოგებითა და 3 მარცხით, სატურნირო ცხრილში სწორედ “სამეფო კლუბთან” ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს.

შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 17:46 წუთში 6 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 დაფარება მოაგროვა. თორნიკემ 5-დან 2 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

მართალია, ქართველ ფორვარდს შედეგიანი მატჩი არ ჰქონია, თუმცა, დასკვნითი წუთების დროს მოედანზე იყო და დაცვაში შეუდარებლად გაისარჯა. მისი ზონიდან “რეალმა”, ფაქტობრივად ვერცერთი შედეგიანი შეტევა ვერ მიითვალა და თანაც, თოკოს 1 პერსონალური ფოლიც კი არ მიუღია.

შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელი მასპინძელთა ბერძენი ცენტრი იოანის ბურუსისი გახდა, რომელმაც 24 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ამერიკელმა მაიკ ჯეიმსმა და ფრანგმა კიმ ტილიმ კი 15-15 ქულა ჩააგდეს.

მადრიდულ გრანდში 20 ქულით და 8 პასით სერხიო როდრიგესი გამოირჩა, ამერიკელმა ჯეისი კეროლმა 17 ქულა ჩააგდო, არგენტინელი ანდრეს ნოჩიონის მონაგარი კი 13 ქულა იყო.

ერთი საინტერესო დეტალიც. “ფერნანდო ბუესა არენაზე” გამართულ ტურის ცენტრალურ მატჩს 15 544 მაყურებელი დაესწრო, რაც ესპანური ლიგის ყველა დროის რეკორდია. “ლაბორალ კუჩა” მე-13 ტურის შეხვედრას 10 იანვარს, სტუმრად, “ბასკეტ მანრესას” წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.11744