კალათბურთი

22:28 | 30.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

„სოხუმმა“ ვერც ამჯერად მოიგო

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის მეექვსე ტური „სოხუმისა“ და „მგზავრები-არმიას“ შეხვედრით დასრულდა. ამ გუნდების პირველი წრის მატჩი „მგზავრები-არმიას“ 4 ქულის სხვაობით (92:88) ჰქონდა მოგებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზღვისპირელებს რევანშის აღება მართებდათ. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე პირველი ტაიმი „მგზავრები-არმიას“ გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 38:36. მესამე მეოთხედმა „სოხუმის“ უპირატესობით ჩაიარა, რომლის დასრულების შემდეგ „სოხუმი“ 8 ქულის სხვაობით დაწინაურდა.
გადამწყვეტი აღმოჩნდა მეოთხე მეოთხედი. ვაჟა კვარაცხელიას შეგირდები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ , რადგანაც ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, 6 ქულის სხვაობით - 79:73 დაწინაურდნენ. ეტყობა, ზღვისპირელებმა ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვება, რადგან მოეშვნენ და მეტოქეს თავის გამოჩენის შანსი მისცეს „მგზავრები-არმიამ“ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შეხვედრის ბოლო წამზე კი გუნდის კაპიტანმა კახა ჯინჭარაძემ გამარჯვების მომტანი 2 ქულა ჩააგდო - 81:79.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 31 ქულა „სოხუმის“ უკანახაზელმა, ამერიკელმა ლეგიონერმა ფილიპ მილერმა დააგროვა. „მგზავრები-არმიას“ შემადგენლობიდან ყველაზე კარგი შედეგი ასევე ამერიკელმა ლეგიონერმა, ცენტრალურმა თავდამსხმელმა რეჯინალდ მერფიმ აჩვენა, რომლის ანგარიშზეც 19 ქულა და 16 მოხსნაა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მერფის თანაგუნდელი და თანამემამულე მაიკლ ტერი (14 ქულა, 10 მოხსნა).
„სოხუმს“ ძალიან დააკლდა ცენტრალური თავდამსხმელის გიორგი ჯგერენაიასა და ამერიკელი ლეგიონერის მეთიუ გლოვერის არყოფნა, რომლებიც ზედიზედ მეორე შეხვედრაა, არ თამაშობენ. ჯგერენაიამ თვალების ოპერაცია გაიკეთა, ხოლო გლოვერი საშობაო არდადეგებზე ამერიკაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ წინა ტურში „სოხუმმა“ ასევე თითქმის მოგებული შეხვედრა „დინამოსთან“ წააგო.

მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრის ბოლო, მეშვიდე ტურის მატჩები 2016 წლის 8 და 9 იანვარს ჩატარდება.

სოხუმი - მგზავრები-არმია 79:81 (22:24, 14:14, 28:18, 15:25)

0.124514