ჭადრაკი

22:42 | 29.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო ტურის წინ

არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ ალ-აინში დასასრულს მიუახლოვდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელსაც 4 ქართველი მონაწილე ჰყავს: ლევან ფანცულაია (2598), მიხეილ მჭედლიშვილი (2635), შოთა აზალაძე (2468) და ბაჩანა მორჩიაშვილი (2326).

ბოლო მე-9 ტურის წინ, ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ფანცულაიას და მჭედლიშვილს აქვთ, რომლებიც 5.5-5.5 ქულით, შესაბამისად, მე-6 და მე-7 ადგილებზე იმყოფებიან.

მე-8 ტურში ფანცულაია შავი ფიგურებით რუს ალეკსანდრ რახმანოვს (2640) დაუზავდა, ხოლო მჭედლიშვილმა თეთრებით ბელგიელი ვადიმ მალახატკო (2531) დაამარცხა.

4.5 ქულით 51-ე პოზიციაზე გადაინაცვლა აზალაძემ, რომელმაც თეთრებით ყაიმი რუმინელ მირჩეა-ემილიან პარლიგრაშთან (2586) გააფორმა. რაც შეეხება მორჩიაშვილს, მან შავი ფიგურებით ინდოელ რაჯპარა ანკიტთან (2489) წააგო და 4.0 ქულით 68-ე საფეხურამდე დაქვეითდა.

დასკვნით ტურში ფანცულაია თეთრებით იური კუზუბოვს (უკრაინა, 2640) ეთამაშება, მჭედლიშვილი შავებით – ზავენ ანდრიასიანს (სომხეთი, 2594), აზალაძე ასევე შავებით – ბაბუ ლალიტს (ინდოეთი, 2553), ხოლო მორჩიაშვილი თეთრებით – ენამულ ჰოსაინს (ბანგლადეში, 2450).

ალ-აინის ტურნირის ჩემპიონობა უკვე განაღდებული აქვს ჩინელ ჰაო ვანგს (2707), რომელმაც 8 ტურში 7.5 ქულა (!) მოაგროვა და უახლოეს კონკურენტებს – ალექსი შიროვს (ლატვია, 2676), არმან პაშიკიანს (სომხეთი, 2606), იური კრივურუჩკოს (უკრაინა, 2711) და მიხაილო ოლეკსიენკოს (უკრაინა, 2626) 1.5 ქულით უსწრებს.

0.11285