ფეხბურთი

21:27 | 28.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დევდარიანი: “თავს კი არ ვიმართლებდი, რეალობას ვამბობდი”
“თუ არ გინდა რომ სამწვრთნელო რეპუტაცია შეილახო, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არ უნდა მიხვიდე”

გიორგი დევდარიანი ქართულ ფეხბურთში საინტერესო ფიგურაა და ამასთან - საინტერესო რესპონდენტიც. 43 წლის მწვრთნელი ამჟამად უმუშევარია. ბოლოს ის შოთა არველაძის თანაშემწე გახლდათ თურქულ “ტრაბზონსფორში”, საიდანაც ნოემბერში მოუწიათ წამოსვლა.
“მსოფლიო სპორტი” დევდარიანს გაესაუბრა. გიორგიმ, უპირველესად, მწუხარება გამოთქვა დავით პეტრიაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო:
“მართლაც კარგი და თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანი დააკლდა საქართველოს. დავით პეტრიაშვილს კიდევ არაერთი სასიკეთო რამის გაკეთება შეეძლო ქართული ფეხბურთისთვის. თავად ვნახე, თუ რამხელა ავტორიტეტი ჰქონდა უეფაში, როცა ნიონში სამწვრთნელო სემინარებზე ვიყავით”.
- თურქეთში რამდენიმე თვე იმუშავეთ, მაგრამ ბევრ საინტერესო სიახლეს ნახავდით.
- რომ გითხრათ, ფეხბურთი სხვაგვარი დამხვდა-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ განსხვავებები საკმაოდ იყო. მაგალითად, გულშემატკივართა დამოკიდებულება. აქ “ტორპედო”-“დინამოს” მატჩზე რომ დადიან, იმაზე მეტნი “ტრაბზონსფორის” ვარჯიშზე მოდიოდნენ. ასევე, მეტი მოტივაცია იყო, რადგან ფინანსები გაცილებით მეტია თურქეთში. და თამაშს რაც შეეხება, ძირითადი განსხვავება რაც იგრძნობოდა ქართული ფეხბურთისგან, ეს იყო სპრინტების რაოდენობა. ვგულისხმობ მაქსიმალური სისწრაფის განვითარებას. საქართველოს გუნდისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებიც 8-დან 12 კილომეტრამდე დისტანციას ფარავენ ერთ მატჩში, მაგრამ მანჩესტერელი გაცილებით მეტ სპრინტს ანვითარებენ.
- იგივე სურათი ვნახეთ პოლონეთი-საქართველოს მატჩის (4:0) შემდეგ, როცა სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედეთ. პოლონელ გროსიცკის სპრინტით უფრო მეტი ჰქონდა დაფარული, ვიდრე ქართველთა 5 საუკეთესო ფეხბურთელს...
- იგივე ხდებოდა “ტრაბზონსფორში”. მოგებულ თამაშებში სამჯერ მეტი სპრინტი იყო გაკეთებული, ვიდრე წაგებულებში. ამიტომაც არის, ჩვენს ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებს უცხოურ კლუბებში გადასვლის შემდეგ რომ უჭირთ. იქ სხვა მოთხოვნებია და სანამ იქაურ სისწრაფეებსა და მოძრაობებს ალღოს აუღებენ, დიდი დრო სჭირდებათ. დღეს უეფას სემინარებზეც ხშირად ამბობენ, რომ სპრინტების რაოდენობა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ფეხბურთში.
- რატომ მოხდა, რომ “ტრაბზონსფორმა” ცუდი შედეგი აჩვენა შოთა არველაძის თავკაცობით?
- სამი კვირის წინ, 6 დეკემბერს “ტრაბზონსფორის” პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა და ახალი კაცი აირჩიეს. ძველ პრეზიდენტს, რომლის დროსაც შოთა და მე ვმუშაობდით, ყველანაირად ხელს უშლიდნენ. ეს იყო ბრძოლა წესების გარეშე და წარმოუდგენელი იყო, ამას შედეგზე არ ემოქმედა. მხოლოდ ერთი თვის ხელფასი ავიღეთ, უკვე ზომას სცილდებოდა ყველაფერი. ადვოკატი დაქირავებულია და ზუსტად ვიცი, რომ თანხას ავიღებთ.
- შოთა “ტრაბზონსფორში” ძალიან უყვარდათ და მის ავტორიტეტს არ ითვალისწინებდნენ ამ არჩევნების წინ?
- ეტყობა, გაცილებით მეტი რამ იდო სასწორზე, ვიდრე შოთას ავტორიტეტი და დამსახურება. როდესაც დიდ ფულზეა საუბარი...
- რაც საქართველოში ჩამოხვედით, წინადადებები არ გქონიათ აქაური გუნდებიდან?
- კონკრეტული არაფერი.
- ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობდით, 17-წლამდელებში, 19-წლამდელებში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ცვლილებებს გეგმავს რამდენიმე ნაკრების სამწვრთნელო შტაბში და თქვენ ხომ არ დაგკავშირებიან?
- არა. ფედერაციის ახალ ხელმძღვანელებს დავით პეტრიაშვილის დაკრძალვის დღეს შევხვდი, იქ კი საუბრის არც დრო იყო და არც ხალისი. სხვა დროს არ გვისაუბრია.
- ეროვნული ნაკრების წლევანდელ თამაშებზე გკითხავთ. ყველაზე მეტად რა სიახლეები დაინახეთ კახა ცხადაძის გაწვრთნილ ნაკრებში?
- ტაქტიკურ სქემაზე ყველამ იცის და აღარ შევჩერდები იმაზე, რომ ნაკრები ახლებურად, სამი ცენტრალური მცველით თამაშობს. ცხადაძე როდესაც დაინიშნა ნაკრებში, თავიდან მართლაც იყო წინსვლა, მაგრამ მერე და მერე მაინც იჩინა თავი პრობლემებმა. მხოლოდ ტექნიკით და ნიჭიერებით ფონს გასვლა შეუძლებელია. წეღან რაც ვისაუბრე სპრინტებზე, ეს ჩვენს ნაკრებში პრობლემაა. გადავხედოთ, ნაკრების ერთადერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც პროგრესირებს, ვაკო ყაზაიშვილია. საშუალო დონის ევროპულ კლუბებშიც კი გვენატრება ფეხბურთელი. რთულია, ასეთ რეალობაში მარტო მწვრთნელს მოსთხოვო ყველაფერი. იყო ალენ ჟირესი, იყო კლაუს ტოპმიოლერი, იყო ექტორ კუპერი – როგორ, არცერთი მათგანი ფეხბურთის აზრზე არ იყო? ვერც მათ მიაღწიეს კარგ შედეგს. მიხვდი, თუ არ გინდა რომ სამწვრთნელო რეპუტაცია შეილახო, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არ უნდა მიხვიდე. ძირშივეა პრობლემები, ვერ ვზრდით ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც თანამედროვე მაღალი კლასის ფეხბურთს ფეხს აუწყობენ. გაზაფხულზე ჩემმა გაწვრთნილმა 19-წლამდელთა ნაკრებმა ესპანეთთან და პორტუგალიასთან რომ წააგო, მაშინაც ვთქვი, რომ ფიზიკურად ვერ ვუძლებთ. ესპანელი და პორტუგალიელი არ ჩერდება, ჩვენებს კი ძალა აღარ შესწევთ და ჩერდებიან. ეს დაღლა მოქმედებს აზროვნებაზეც. თავს კი არ ვიმართლებდი, არამედ რეალობაზე მივუთითებდი.
- ამაზე მუშაობა ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა დაიწყოს.
- აი, ზუსტად ბავშვთა ფეხბურთის თემაზე ვიტყოდი, რომ წამყვან ქვეყნებში უშუალოდ სათამაშო კუთხის გარდა, დიდი ყურადღება ექცევა ფსიქოლოგიურად მომზადებასაც. ნიონში სემინარისას გვითხრეს, რომ ევროპის წამყვან ქვეყნებში ფსიქოლოგია დანერგილია თავიდანვე. ედენ აზარსა და ვენსან კომპანის ჰქონიათ პრობლემები, როცა ტრავმა ჰქონდათ, ან გუნდიდან გაუშვეს. თავი კი არ მიანებს ამ ბიჭებს, არამედ ფსიქოლოგიურად დაეხმარნენ. თორნიკე ოქრიაშვილი, დავით თარგამაძე, გიორგი ჭანტურია, ლევან ყენია და სხვები – ტალანტები გვყავს, მაგრამ შემდეგ მათ უჩნდებათ ფსიქოლოგიური პრობლემები. ამ მხრივ გვაქვს სამუშაო.

0.067712