საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ბელგიის ქალაქ კორტრეკში დაწყებულ საშობაო ტურნირის პირველ მატჩში გამარჯვება მოიპოვა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი ესპანურ „კანარიასს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში – 72:66 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების მეტოქე წამყვანი ესპანური კლუბის ახალგაზრდული გუნდი იყო, რომელიც ქართველებზე 1 წლით უფროსი – 19-წლამდელი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. პირველი მეოთხედი ფრედ - 17:17 დასრულდა, ხოლო მეორე პერიოდში ქართველებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, რაც ანგარიშშიც აისახა. კაზანჯიანის შეგირდებმა გუნდური თამაშის წყალობით 10-წუთეული 20:11 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 37:28.
მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება იოლი არ იყო, თუმცა ეს ქართველებმა კარგი დაცვის ხარჯზე მოახერხეს და მომდევნო პერიოდების მცირე სხვაობებით დათმობის შემდეგ, საბოლოოდ, 6 ქულით – 72:66 იმარჯვეს.
საქართველოს ნაკრებში 16 ქულით ბომბარდირი იტალიურ „რიმინიში“ მოთამაშე გიორგი ცირიკიძე გახდა, ხოლო აკადემიელმა საბა აკობიამ ქართველებს 9 ქულა შეაშველა.
ქართველების გამარჯვებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ქომაგებს, რომლებიც ბელგიასა და მის მოსაზღვრე საფრანგეთიდან კორტრეკში შეიკრიბნენ და ჩვენს ნაკრებს მხურვალედ უქომაგეს.
ბელგიურ ქალაქში საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად ჩავიდა ყოფილი კალათბურთელი ირაკლი ლოლაძე, რომელმაც მეგობრებთან ერთად აქტიური ქომაგობით დიდი სტიმული შემატა ჩვენს ბიჭებს.
მომცრო დარბაზი ქართული დროშებით იყო აჭრელებული, ხოლო მხარდასაჭერი შეძახილებით ქართველები ესპანელებს აშკარად ჯაბნიდნენ.
გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს დღესვე ატარებს. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებისა და იტალიურ „რომას“ 19-წლამდელთა გუნდის დაპირისპირება თბილისის დროით წინასწარგამოცხადებულზე 30 წუთით გვიან, 23:00 საათზე დაიწყო.
საქართველო (U18) – კანარიასი (U19) 72:66 (17:17, 20:11, 17:18, 17:20)
საქართველო: ცირიკიძე (16), აკობია (9), ბულაშვილი (8), თვალაბეიშვილი (8), ლოლიშვილი (8).
www.gbf.ge