ინდოეთში გრძელდება პირველი საჭიდაო პროფესიული ლიგის გათამაშება, სადაც ქართველმა ფალავნებმა მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს.
წარმატებული გამოდგა მძიმეწონოსანი გიორგი საკანდელიძის დებიუტი, რომელმაც პროლიგაში ლევან ბერიანიძე შეცვალა. მან “დილი ვერის” წარმომადგენელი კრიშან კუმარი 47 წამში წმინდად დაამარცხა – 10:0.
საკანდელიძის თანაგუნდელმა, ევროპის თამაშების ვერცხლი პრიზიორმა ელიზბარ ოდიკაძემ ინდოელი გურპან სინგი 5:0 დაამარცხა, წინა ტურში კი “ვორიორსის” წევრი სატიავრატ კადიანი გაანადგურა – 10:0.
ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, რომელიც კლუბ “პანჯაბში” ასპარეზობს, სამი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა ამჯერადაც დაამარცხა (4:3) მსოფლიოს პრიზიორი მონღოლი ბეკბაიარ ერდენბატი, რომელსაც წელს ლას ვეგასში და შარშან ტაშკენტში ორჯერ მოუგო.
გასულ დღებშივე “პანჯაბი” დავით მოძმანაშვილის “ბენგალურუს” დაუპირისპირდა და ხინჩეგაშვილმა ინდოელი ტომარ სანდეპი 12:2 დაამარცხა, მოძმანაშვილმა (125) კი მონღოლ ჩულუნბატს 5:0 სძლია.
მომდევნო ტურში მოძმანაშვილმა “დელი ვერის” ინდოელი წევრი კრიშან კუმარი 10:0 დაამარცხა. 22 დეკემბერს კი ხინჩეგაშვილმა კიდევ ერთი გამარჯვება მიითვალა. ამჯერად, “ჰარიანას” წევრ ნიტინთან 6:2.
ამასობაში, პროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები დასასრულს უახლოვდება. ლიგის 4 საუკეთესო გუნდი 25-26 დეკემბერს ბრძოლას ნახევარფინალში გააგრძელებს, 27 დეკემბერს კი ლიგის ფინალი გაიმართება.
ამ დროისთვის, 4 გამარჯვებით და 8 ქულით პირველ პოზიციაზე ოდიკაძე-საკანდელიძის “მუმბაი” იმყოფება, სამ-სამი გამარჯვებით (6 ქულა) მეორე-მესამე ადგილებზე “ჰარიანა” და ხინჩეგაშვილის “პანჯაბი” იმყოფებიან, მეოთხეზე კი მოძმანაშვილის “ბენგალურუა”.
www.wrestling.ge