გიორგი შერმადინის “ანდორა მორაბანკმა” ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში მადრიდის “რეალს” უმასპინძლა და 80:99 წააგო, ქართველი ცენტრი კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:39 წუთში 16 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. გიორგიმ 7-დან 6 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 23-ს უწია, რაც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა. სტუმართაგან მას მხოლოდ გუსტავო აიონმა (24) აჯობა, რომელმაც 17:01 წუთში 12 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა მოაგროვა.
“მორაბანკ ანდორას” 5 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და 18-გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა. შერმადინის კლუბი მომდევნო მატჩს 23 დეკემბერს ჩაატარებს, როდესაც ბადალონაში “ხუვენტუტს” ესტუმრება.