ბუქარესტში საერთაშორისო ტურნირზე საასპარეზოდ მყოფმა საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა მეორე შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.
კოტე ტუღუშის, გიორგი ნიკოლაძისა და ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა რუმინეთის მეორე ნაკრებს გამანადგურებელი სხვაობით – 91:42 სძლია და სამგუნდიანი ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა.
ქართველებმა მასპინძლებს საქმე პირველივე ტაიმში მოუთავეს. საწყისი პერიოდი ტუღუშის გუნდმა 29:8 მოიგო, მეორეში კი 22:9 იმარჯვა და დიდ შესვენებაზე 35-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმში მწვრთნელებმა თავის გამოჩენის საშუალება სათადარიგო მოთამაშეებსაც მისცეს და საბოლოოდ, იოლ გამარჯვებას მიაღწიეს.
ქართველთაგან ყველაზე მეტი, 22 წუთი გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა, ირაკლი სულხანიშვილმა ითამაშა, რომელმაც ამჯერად 9 ქულა ჩააგდო, ბულგარეთთან 63:67 წაგებულ მატჩში კი 28 ქულით გამოირჩა. რუმინეთთან მატჩის ბომბარდირი 26 ქულით ოთარ პერტაია გახდა, 16 ქულა მიითვალა კახა ჟღენტმა, ხოლო დავით ჟღენტის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა.
ქართველებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და დღეს, პირველი ჯგუფის გამარჯვებულ თურქეთს შეხვდებიან.
მატჩის შემდეგ რუმინეთში დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ კოტე ტუღუშს:
„მივულოცავ ჩვენს გუნდს საერთაშორისო ასპარეზზე პირველ გამარჯვებას. მართალია, დღევანდელი მეტოქე სუსტი იყო, თუმცა გამოცდილების მისაღებად და მომავალისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. კვირას, ტურნირის უდავოდ გამორჩეულ, თურქეთის ნაკრებს ვხვდებით. ეს ის გუნდია, გასულ ზაფხულს თბილისში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე რომ ითამაშა. თურქებს მეტი გამოცდილება აქვთ და სიმაღლეშიც პრობლემას არ განიცდიან. მათთან დაპირისპირებაში ჩვენი ბიჭები დიდ გამოცდილებას მიიღებენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ წასაგებად გავალთ თამაშზე. ჩვენი გუნდი მაქსიმუმს ეცდება და ძლიერ მეტოქეს ღირსეულად შეებრძოლება“.
საერთაშორისო ტურნირი. ბუქარესტი. რუმინეთი. 19 დეკემბერი
რუმინეთი 42:91 საქართველო (8:29, 9:22, 12:22, 13:18)
www.gbf.ge