მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ქართველი უკანახაზელის „დარუშაფაკას“ D ჯგუფიდან გამსვლელი მე-4 ადგილი რომ შეენარჩუნებინა, ისრაელის „მაკაბისთან“ შინ 10 ქულით არ უნდა წაეგო და ეს არცთუ რთული ამოცანა სტამბოლურმა გუნდმა შეასრულა.
ბოლო ტურის წინ სტამბოლის „დარუშაფაკა“ 1 ქულით უსწრებდა თელ ავივის „მაკაბის“. ებრაულ გუნდს მხოლოდ გამარჯვება ხელს არ აძლევდა, რადგან პირველ წრეში მარკოიშვილის გუნდთან შინ 73:84 ჰქონდა წაგებული და შესაბამისად, ეს სხვაობა ჰქონდა გასაბათილებელი.
თელავიველებმა ეს ვერ მოახერხეს და როცა გაირკვა, რომ 10 ქულაზე მეტით ვერ იმარჯვებდნენ, სტუმრებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ შეხვედრაში დამატებითი დრო დანიშნულიყო, თუმცა ფრე ვერ დასვეს. ბოლო წუთები კურიოზული გამოდგა – დარუშაფაკელები საჯარიმოებს არ აგდებდნენ, ანგარიში რომ არ გათანაბრებულიყო.
სტამბოლელები ბოლო პერიოდის წინ 1 ქულით აგებდნენ, თუმცა პერიოდი 13:2 გაქცევით დაიწყეს და 10 ქულით დაწინაურდნენ. დარჩებულ 5 წუთში „მაკაბის“ მინიმუმ 20 ქულით გაქცევა მართებდა, რაც ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენდა. საბოლოოდ „დარუშაფაკამ“ 66:70 წააგო და ჯგუფში მე-4 ადგილზე გასვლით ტოპ-16-ის საგზური დაიბევა.
მარკოიშვილი სასტრატო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე 16 წუთი გაატარა. ქართველმა უკანახაზელმა 3-დან სამივე ორიანი ააცილა, 5 სამიანიდან კი 1 ჩააგდო. მანუჩარმა საბოლოოდ 3 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. სტამბოლელებს 11 ქულით ჯეიმონტ გორდონმა ულიდერა, ხოლო მილკო ბიელიცამ 10 ქულა ჩააგდო.
მაშ ასე, ცსკა-ს, „უნიკახას“ და „ბამბერგის“ კვალზე D ჯგუფიდან „დარუშაფაკაც“ გავიდა და ახლა კენჭისყრას ელოდება, რათა მეორე ეტაპზე მეტოქეები გაიგოს. 16 საუკეთესო გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდება და საუკეთესო 8 გუნდის გამოსავლენად იბროლებს.
www.gbf.ge