რაგბი

12:00 | 17.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ნიჟარაძე: “ყველაფერი კარგად იქნება!” (+VIDEO)

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ, ოქტავია მორარიუსთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც სეკ-ს საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ეს იყო ემოციური გამოსვლა, რომლის დროსაც ნიჟარაძემ გულშემატკივრები დაარწმუნა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მან კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება რაგბიში ერთიანობის შენარჩუნების სურვილით ახსნა და იქვე დასძინა, რომ სკამის გარეშეც დარჩება ქართული რაგბის სამსახურში, თუ ასეთ გადაწყვეტილებას მისი გუნდი და მთლიანად ქართული რაგბის სამყარო მიიღებს.

გიორგი ნიჟარაძე: “სხვის ნათქვამზე კომენტარს არც ახლა და არც მომავალში არ გავაკეთებ. ვერც ვინმეს სალანძღავ სიტყვას გაიგებთ ჩემი პირიდან. ვისაუბრებ იმაზე, რატომ მივიღე საკუთარი კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება. 59 წლის ვარ და ასეთი მძიმე თვე ცხოვრებაში არ მქონია. არც ამდენი ტკივილი მოუყენებია არავის და ეშმაკებს გარეთ ნუ ეძებთ!

კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ რაგბი ჩემზე, თქვენზე, ყველაზე მეტია. ჩვენამდე ის თაობებმა მოიტანეს და მათ მოიტანეს დაუწერელი წესები და ტრადიციები, რომელთაც დაცვა სჭირდება. მიუხედავად მცდელობებისა, რაგბი იქნება ოჯახი და თუ ასე არ იქნება, მაშინ ვის რათ უნდა ასეთი რაგბი?! რა მოხდება ქართულ რაგბიში, ეს გადაწყდება შიგნით, ჩვენს საერთო ოჯახში. კანდიდატურა მოვხსენი იმიტომ, რომ ყველამ დაინახოს, ჩემთვის სკამი არის ნული. შეიძლება ზოგს ჰგონია, რომ პრეზიდენტობა პრივილეგიაა, მაგრამ რეალურად, ესაა ვალდებულება და პასუხისმგებლობა ქვეყნის, გულშემატკივრის წინაშე. არც კი მესმის, გულით რატომ უნდა გინდოდეს პრეზიდენტობა.

რა ვუყოთ იმ ვეტერანებს, რომლებმაც რაგბი ჩვენამდე მოიტანეს? ფიქრობს ვინმე რატომ გადარჩა 90-იან წლებში რაგბი, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი ნადგურდებოდა? ამ ხალხს ფული სახლიდან მოჰქონდა, სახლებს ჰყიდდნენ და ასე შეინარჩუნეს რაგბი. აქ არიან ვეტერანები, მათ შორის რეგიონებიდან და რა ვუყოთ ამ ხალხს? გვერდზე გავწიოთ, ვუთხრათ რომ აღარ გვჭირდებიან, რადგან 70 წელს არიან მიტანებული? მე ვთვლი, რომ ასე არ შეიძლება და ამ ხალხს უნდა გავუფრთხილდეთ, გულში ჩავიხუტოთ. მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ რაგბიში, არამედ მთელს ქვეყანაში, ყველაფერი ტრადიციებზე უნდა იყოს აგებული - გვიყვარდეს ქვეყანა, ოჯახი, გვწამდეს ღმერთი და მერე ყველაფერი კარგად იქნება.

ამ ყველაფერს ერთი დადებითი მომენტიც ჰქონდა, გამოჩნდა დიდი ერთობა ჩვენს ოჯახში, გულშემატკივარში და მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს თანადგომისთვის. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც შეიძლება გატეხონ და რაიმე აიძულონ. დავინახე საშიშრობა იმისა, რომ ოჯახი გაიხლიჩებოდა, ეს არ მინდოდა და იმიტომ მოვხსენი კანდიდატურა. შეუცვლელი არავინაა და არც ჩემი წასვლით დასრულდება რამე. აქ ისეთი სიყვარულია, რომ ოჯახის გადაწყვეტილების გარეშე ვერავინ მოვა და ჩემი ღრმა რწმენით, ეს წარმატებული გუნდი აუცილებლად უნდა დარჩეს. არც მე ვაპირებ რაგბიდან წასვლას და თუ ოჯახი გადაწყვეტს, ნებისმიერი ფორმით, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო ქართული რაგბის პროგრესისთვის ევროპასა და მსოფლიო რაგბიში. სიტყვას გაძლევთ, რომ ქართული რაგბის ოჯახში ყველაფერი კარგად იქნება, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება პრეზიდენტი.

ჩვენთვის მთავარია, როგორი კაცი იქნება ის, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებს. როგორ ედგა გვერდში ის თანამებრძოლებს მოედანზე და მის გარეთ. უახლოეს დღეებში შეიკრიბება გამგეობა და დაინიშნება ყრილობა. ჩემი აზრით, ეს ამბავი დიდი ხნით არ უნდა გადაიდოს. აუცილებლად იქნება სახელმწიფოს მხარდაჭერა და ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც აქამდე იყო. სახელმწიფომ უკვე იცის, როგორ გამოიყენოს რაგბი ქვეყნის სასიკეთოდ. მისი ფასეულობების დასაცავად 10 ათასობით გულშემატკივარი გამოვიდა და რაგბია იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა აკეთო ეროვნული საქმე. რაგბის ფასეულობების დამცველთა შორის უამრავი ადამიანი იყო სამთავრობო სტრუქტურებიდანაც.

პირადად მე პოსტის დამკავებელი აღარ ვარ, რადგან ვიმეორებ, ჩემთვის სკამი არაფერია. კანდიდატურა მოვხსენი, მაგრამ მინდა ჩემი გამოცდილება ქართულ რაგბის მოვახმარო და აქ ვარ გასაერთიანებლად და არა დასაყოფად”.

0.112706