იტალიის სერია A-ს XVI ტური რომში დასრულდა, სადაც კრიზისში მყოფი გუნდები “ლაციო” და “სამპდორია” დაუპირისპირდნენ. ორივე კლუბს მეტად რთული დროება უდგათ, არადა სეზონის წინ არც ერთს აკლდა ამბიცია და არც მეორეს...
უფრო რთულ მდგომარეობაში გენუელები არიან, რადგან ამ თამაშამდე მიჯრით სამი თამაში წაეგოთ და სამივე ახალი მთავარი მწვრთნელის, ვინჩენცო მონტელას ხელმძღვანელობით. “სამპა” მეოთხე მარცხთანაც ახლოს იყო, მაგრამ მსაჯის დამატებულ მესამე წუთზე ელმირ ძუკანოვიჩის საჯარიმომ მონტელას გენუელთა თავკაცის რანგში პირველი ქულა მოიპოვა და ვინ იცის, იქნებ უმუშევრად დარჩენასაც გადარჩა. გოლი მაინც არ გავიდოდა რომ არა, მასპინძელთა ბრაზილიელი ლეგიონერი ფელიპე ანდერსონი, ვისაც ბურთი თავში მოხვდა და ისე ჩაეშვა რომაელთა კარში. მონტელა კი გადარჩა, მაგრამ არავინ უწყის სტეფანო პიოლის ამ მატჩის მერე რა ბედი ეწევა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, “ლაციალეც” წარუმატებლად თამაშობს და ამ შეხვედრაში მხოლოდ სამი ქულის აღება მართებდა, თუმცა ამის გაკეთება ვერ შეძლო. არადა, 78-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ალესანდრო მატრიმ ლამაზი თავურით გაიტანა, მაგრამ შემდგომ განვითერებულ მოვლენებსა და ძუკანოვიჩის გოლზე უკვე მოგახსენეთ – 1:1.
“ლაციო” – “სამპდორია” 1:1 (0:0) (მიმოხილვა)
რომი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 30 000
“ლაციო” (4-3-1-2): მარკეტი (ბერიშა 82); კონკო, ჰოედტი, ჯენტილეტი, რადუ; პაროლო, ბილია, კატალდი (ანდერსონი 46); კანდრევა; ჯორჯევიჩი, კლოზე (მატრი 66)
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
“სამპდორია” (4-3-3): ვივიანო; დე სილვესტრი, მოისანდერი, ძუკანოვიჩი, რეჯინი; ფერნანდო, ბარეტო (ივანი 66), სორიანო; ლაზაროსი (ბონაცოლი 84), კარბონერო, კასანო (მურიელი 71)
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
გოლები: 1:0 მატრი (78), 1:1 ძუკანოვიჩი (90)
გაფრთხილება: ჯენტილეტი (30), ბერიშა (90) – ძუკანოვიჩი (24), სორიანო (61), კასანო (67), კარბონერო (76)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (2) – 9 (5) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 7:0 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე