მადრიდის "რეალს" იტალიური კლუბები ევროტურნირების პლეი-ოფში უკვე 27 წელია არ დაუმარცხებია. ამჯერადაც, ესპანური გრანდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში იტალიურ გუნდს, კერძოდ, “რომას” დაუპირისპირდება. ბევრის აზრით, “ბლანკოსი” წყვილში აშკარა ფავორიტია, მაგრამ სტატისტიკა მადრიდელთა სასარგებლოდ არ მეტყველებს.
27 წლის განმავლობაში “რეალს” ევროტურნირების პლეი-ოფში რვაჯერ მოუწია იტალიურ კლუბებთან თამაში, მათგან ყველაზე მეტჯერ, ოთხჯერ ტურინის “იუვენტუსს” შეხვდა და ყველა მცდელობა ესპანელთათვის წარუმატებელი აღმოჩნდა.
ესპანური გრანდის წარუმატებელი სერია აპენინელებთა კი სათავეს ჯერ კიდევ 1988-1989 წლების სეზონიდან იღებს, როცა ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში არიგო საკის “მილანთან” ორი მატჩის ჯამში 1:6 განადგურდა (1:1, 0:5). ერთი წლის თავზე, იგივე ტურნირზე, იგივე გუნდთან, ოღონდ 1/16 ფინალში დამარცხდა 1:2 (0:2, 1:0).
1992 წელს “რეალს” უეფას თასზე უკვე “ტორინომ” აჯობა – 3:2 (2:1 მადრიდში, 0:2 ტურინში). 1995-1996 წლების სეზონში კი, “სამეფო გუნდის” ძლევა მეორე ტურინულმა გრანდმა, “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მოახერხა – 2:1. ესპანელებმა შინ 1:0 მოიგეს, მაგრამ “დელე ალპიზე” უფრო ძლიერი “ბებერი ქალბატონი” აღმოჩნდა – 2:0.
იგივე სცენარი ჰქონდა 2002-2003 წლების სეზონის ნახევარფინალს: პირველი თამაში “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალმა” 2:1 მოიგო, თუმცა ტურინში “იუვემ” დავიდ ტრეზეგეს, ალესანდრო დელ პიეროსა და პაველ ნედვედის გოლებით იმარჯვა 3:1 და ფინალში გავიდა.
ამ გუნდთა გზა გადაიკვეთა ორი წლის მერეც, ამჯერად მერვედფინალში. პირველ თამაშს მაშინაც მადრიდმა უმასპინძლა და ივან ელგერას გოლით პირინელებმა მოიგეს, ორი კვირის შემდგომ კი დავიდ ტრეზეგესა და მარსელო ზალაიეტას გოლებით “ბიანკონერიმ” დამატებით დროში იმძლავრა და “რეალი” ტურნირიდან გამოთიშა.
2007-2008 წლების მერვედფინალურ ეტაპზე კი “რეალი” სწორედ “რომას” დაუპირისპირდა. დღევანდელის მსგავსად, მაშინაც რომაელთა შანსს ალმაცერად აფსებდნენ, მაგრამ “ჯალოროსიმ” მრისხანე მეტოქეს ორივე თამაში მოუგო, ერთნაირი ანგარიშით – 2:1, 2:1.
“რეალის” ბოლო იტალიური ვოიაჟი საპლეი-ოფო სტადიაზე მიმდინარე წლის მაისში იყო, ამჯერადაც “იუვენტუსთან” და ამჯერზეც დამარცხებული გამოვიდა – ტურინში “იუვენტუსმა” 2:1 მოიგო, ერთ კვირაში კი “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
ამ დროის განმავლობაში ჯგუფური ეტაპის გარდა, ერთადერთი გამონაკლისი, რომელშიც “რეალმა” იტალიურ კლუბს აჯობა, 1998 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გახლდათ, როცა ამსტერდამში პრედრაგ მიატოვიჩის მეტად საეჭვო გოლით სანუკვარი თასი მეშვიდედ მოიპოვა.