ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმყოფება და ძალებს საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავს, რომლის საპრიზო ფონდიც 50 ათასი დოლარია.
შაფათავა მე-7 ნომრადაა განთესილი და პირველ რაუნდში რუმინელ კრისტინა დინუს ეთამაშება. სოფო წყვილთა შეჯიბრშიც ითამაშებს, სადაც სინდი ბურგერთან ერთად, მე-4 განთესვა გააჩნია. ქართველი და ჰოლანდიელი ჩოგბურთელები მერვედფინალში გერმანელ გრაიდეკს და რუს იაშინას ეთამაშებიან.
თურქეთშივე, ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა გიორგი ჯავახიშვილი. ქართველი ჩოგბურთელი კვალიფიკაციაში მე-10 ნომრად იყო განთესილი და ბულგარელებს – შევკედოვს (6:0, 6:2) და მარტინსკის (6:1, 6:1) იოლად სძლია, გადამწყვეტ რაუნდში კი რუმინელ ფრუნზასთან 1:3-ს აგებდა, როდესაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.