გიორგი შერმადინის ჩინებული თამაშის წყალობით, “მორაბანკ ანდორამ” ესპანეთის ჩემპიონატში მე-5 გამარჯვება იზეიმა. ქართველმა ცენტრმა ორმაგი დუბლი შეასრულა, ანდორელებმა კი მადრიდში “ესტუდიანტესს” 82:75 სძლიეს.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 22:31 წუთში 12 ქულა, 14 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. გიორგიმ 7-დან 3 ორქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 23-ს უწია, რაც სტუმართა რიგებში საუკეთესო შედეგი გახლდათ. ისიც ვთქვათ, რომ “მორაბანკ ანდორას” გამარჯვებაში სოლიდური წვლილი ბეტინიო გომესმა (15 ქულა), დავიდ ნავარომ (13) და შოუნ ჯოუნსმაც (10) შეიტანეს.
შერმადინის კლუბმა ხუთ-ხუთი მოგება-წაგება მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე აინაცვლა. მე-4 პოზიციამდე დაქვეითდა თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა”, რომელმაც სეზონში მე-3 მარცხი ბასკურ დერბიში განიცადა.
“ლაბორალ კუჩა” გასვლით მატჩში “დომინიონ ბილბაო ბასკეტთან” დაუპირისპირდა და დრამატული შეხვედრა ოვერტაიმში 83:89 წააგო.
შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 17:05 წუთში 8 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. თორნიკემ 4-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, 4 დაკარგვა ჰქონდა, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
20 დეკემბერს “მორაბანკ ანდორა” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს, ხოლო “ლაბორალ კუჩა” შინ “სევილიას” დაუხვდება.