სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე უნგრეთიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა ქართველ მოციგურავეებს და ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტ მაკა გიორგობიანს შეხვდნენ და წარმატება მიულოცეს.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ ფიგურულ მოციგურავეთა საერთაშორისო ტურნირზე – სანტა კლაუსის თასზე, რომელშიც 30-მდე ქვეყნის სპროტსმენები მონაწილეობდნენ, ქართველი მოციგურავეები წარმატებით გამოვიდნენ.
ახალგაზრდა მოციგურავეებმა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში სამი ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონები გახდნენ - ანა დეა გულბიანი-შმიდტი, ნიკოლოზ ეგაძე და ნატალია ლომინეიშვილი. ეკატერინე იაზადიმ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, ინგა ფუტკარაძე კი მე-11 იყო.
ანა დეა გულბიან-შმიდტმა 40.40 ქულა მოაგროვა. გამარჯვებულს ქულით ჩამორჩა უკრაინელი მარინა ჟდანოვიჩი, რომელმაც ვერცხლის მედალი აიღო, ბრინჯაო კი უნგრელ ზოე გალს ერგო 38.49 ქულით.
ნიკოლოზ ეგაძემ ორ მეტოქესთან პაექრობაში 41.06 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. მეორე და მესამე ადგილები შესაბამისად დიმორ სუხონინმა (ისრაელი 29.40 ქულა) და დანილო ლოვოჩკინმა (28.97 ქულა) გადაინაწილეს.
ნატალია ლომინეიშვილმა პირველობა არავის დაუთმო 2006 წელს დაბადებულ გოგონათა შორის, ბრინჯაოს მედალი ამავე ასაკობრივ კატეგორიაში მოიპოვა ეკატერინე იაზადიმ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესამსახური