ფეხბურთი

11:11 | 11.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა: “ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ”

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდა. ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებიდან მატიე ვალბუენას საქმესთან კავშირის გამო მოკვეთეს.

ფრანგული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრეტმა განაცხადა, რომ ბენზემა კარგი ბიჭია. აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ფედერაციის მეთაურის სიტყვებს ფეხბურთელი თვითერის მეშვეობით მოკლე კომენტარით გამოეხმაურა: “პატივს ვცემ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ჩვენი პრეზიდენტის ნოელ ლე გრეტის მჯერა.”

ბენზემას ბრალი მატიე ვალბუენას შანტაჟში თანამონაწილეობაში ედება. “ლიონის” ფეხბურთელს გამომძალველები ინტიმური ვიდეოს გავრცელებით ემუქრებოდნენ და სანაცვლოდ ფულს სთხოვდნენ. წინასწარი ინფორმაციით შუამავლად ბენზემა იყო წარმოდგენილი, თუმცა ქარიმი აღნიშნავს, ამ საქმეში წვლილი არ მიმიძღვისო.

სანამ გამოძიება არ დასრულდება, ბენზემა ეროვნულ გუნდში თამაშს ვერ შეძლებს. შესაძლოა “რეალის” მოთამაშემ ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს. იმ შემთხვევაში თუ ქარიმს ვალბუენას საქმეში ბრალი დაუმტიცდება, მინიმუმ 5 წლით ციხეში მოუწევს ყოფნა.

ბენზემას დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა “რეალიც”. მადრიდელთა ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ კლუბი საფრანგეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, თუმცა ფეხბურთელს მხარდაჭერას უცხადებს და მის სანდოობაში ეჭვი არ ეპარება.

0.122934