კალათბურთი

2:09 | 11.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას “ლაბორალ კუჩა” სტამბოლში დამარცხდა

ევროლიგის მე-9 ტურის მატჩი წარუმატებლად დასრულდა თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩასთვის”. ესპანური კლუბი სტამბოლში “ანადოლუ ეფესს” ესტუმრა და “აბდი იპეკჩი არენაზე” 4 921 მაყურებლის თვალწინ გამართული შეხვედრა 86:95 წააგო.

აღსანიშნავია, რომ სტუმრები მეტწილად ლიდერის როლში იყვნენ, თუმცა, დასკვნითი წუთები სუსტად ჩაატარეს და 5 მოგების წილ მე-4 მარცხი განიცადეს.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 15:21 წუთი გაატარა და 5 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. თოკომ 2-დან 1 ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო, 4-ვე საჯარიმო ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ლაბორალ კუჩას” რიგებში 20 ქულით საუკეთესო ამერიკელი დარიუს ადამსი იყო, რომელმაც 6 სამქულიანი (სულ, ბასკურმა კლუბმა 27-დან 14 სამქულიანი ჩააგდო) მიითვალა და 20 ქულას გამორჩა.

შეხვედრის გმირი “ანადოლუ ეფესის” ფრანგი გამთამაშებელი ტომას უერტელი გახდა, რომელიც სტამბოლში სწორედ ბასკური კლუბიდან გადაბარგდა და ყოფილ თანაგუნდელებს თავს 25 ქულა და 9 პასი “დაატეხა”. ისიც საინტერესოა, რომ ამ გუნდების პირველ შეხვედრაში უერტელმა 27 ქულა ჩააგდო.

ამ წარუმატებლობის შემდეგ “ლაბორალ კუჩას” სწორედ “ანადოლუ ეფესი” წამოეწია და ეს გუნდები B ჯგუფში მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ, ლიდერი კი პირეოსის “ოლიმპიაკოსია”, რომელმაც მე-8 გამარჯვება საფრანგეთში “ლიმოჟთან” იზეიმა.

0.065724