ლონდონის “ჩელსის” პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს განცხადებით, ლეგენდარულ ესპანელ მეკარე იკერ კასილიასს მისი წყალობით, იმ ერთადერთი ტიტულის მოგების შანსი ექნება, რომელიც ესპანელ კიპერს არასდროს მოუგია - საუბარია ევროპა ლიგაზე.
“კასილიასი? – ჩემი წყალობით მას აქვს კარგი შესაძლებლობა მოიგოს ის ერთადერთი თასი, რომელიც აქამდე არ მოუგია”, - თქვა “განსაკუთრებულმა”.
საქმე იმაშია, რომ მოურინიოს “ჩელსიმ” ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში კასილიასის “პორტუს” (2:0) აჯობა, რის შემდგომაც პორტუგალიური გრანდი ჯგუფში ჩარჩა და ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს. კასილიასის კარიერაში კი ევროპა ლიგა ერთადერთი ტურნირია, რომელიც 34 წლის მეკარეს ჯერ არ მოუგია.
შეგახსენებთ, მოურინიო კასილიასს მადრიდის "რეალში" ავარჯიშებდა და მათ შორის, არცთუ კარგ ურთიერთობაზე არაერთხელ დაწერილა: მოუმ ერთი პერიოდი "რეალის" ექსკაპიტანი სათადარიგო სკამზეც დასვა.