რაგბი

16:50 | 9.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზირაქაშვილი 4-5 თვე დაისვენებს

“კლერმონის” ექიმების წინასწარი ვარაუდი დადასტურდა, საქართველოს ნაკრების ყოფილ ბურჯ დავით ზირაქაშვილს ხელის მოტეხილობა დაუდასტურდა, უახლოეს პერიოდში ქირურგიული ჩარევა დასჭირდება და გუნდს 4-5 თვით დააკლდება.

32 წლის მორაგბე კვირას, 6 დეკემბერს, “ბრივთან” 26:21 მოგებულ შეხვედრაში დაშავდა. მან მოედანი ხელშეხვეულმა დატოვა და მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ საქმე მოტეხილობასთან გვქონდა. შეგახსენებთ, რომ ანალოგიური ტრავმა დათოს 2 წლის წინაც ჰქონდა. გუშინ მას გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც მოტეხილობა დაადასტურა და ახლა მას ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება.

ოპერაციას იგივე ექიმები ჩაატარებენ, რომლებმაც წინა ოპერაცია გააკეთეს, ოღონდ, ახლა უფრო რთულადაა საქმე. ზირაქაშვილს ხელში დამატებითი ფირფიტები და ძვლის იმპლანტები უნდა ჩაუყენონ და აღდგენასაც წინასთან შედარებით მეტი დრო დასჭირდება. წინასწარი ვარაუდით, ის მოედანზე მინიმუმ 4-5 თვე ვერ გავა.

“კლერმონმა” დანაკლისის შევსებაზე უკვე დაიწყო ზრუნვა და მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე სამედიცინო ჯოკერს ეძებს, რომელიც გუნდში მინიმუმ 2016 წლის აპრილამდე დარჩება.

0.130814