რაგბი

15:33 | 7.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქუბრიაშვილი “მონპელიეს” დაუბრუნდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი სეზონის ბოლომდე top 14-ის “მონპელიეში” ითამაშებს, საიდანაც მისი ფრანგული კარიერა დაიწყო.

29 წლის მორაგბე საფრანგეთში 2007 წელს გადავიდა და მისი პირველი გუნდი “მონპელიე” იყო, სადაც უმთავრესად “ესპუარებში” უწევდა თამაში და top 14-ში პირველი გუნდის მაისურით მხოლოდ ორი თამაში ჩაატარა. მომდევნო სეზონიდან ის “ტულონში” გადავიდა და ამ გუნდში 5 წელიწადი გაატარა, 2013 წლიდან კი, “სტად ფრანსეს” შეუერთდა.

ქუბრიაშვილს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ივნისამდე აკავშირებს. საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასისთვის მზადების პერიოდში, ამხანაგური მატჩისას დუდუმ ტრავმა მიიღო და ინგლისში ამის გამო ვერ ითამაშა, კლუბში მიბრუნებულმა კი, ტრავმა მოიშუშა, მაგრამ შემადგენლობაში ვეღარ დაბრუნდა.

ამავდროულად, “მონპელიეს” პირველ ხაზში ტრავმები მიეძალა - ვან დერ ლინდე, ვან დერ მერვე და ვეტრემეზი დაკარგა და სამედიცინო ჯოკერის სტატუსით მათი შემცვლელების ძიება დაიწყო. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ქუბრიაშვილია, რომლის ანგარიშზეც 40 სანაკრებო კეპია და ის ძველ-ახალ გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩება, რის შემდეგაც უკვე სრულფასოვანი, 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შანსი ექნება.

0.122639