ფეხბურთი

12:33 | 7.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

19 წლის ასაკში: გულის არითმიიდან სერია A-ში სადებიუტო გოლამდე...

იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში “სასუოლომ” გენუის “სამპდორიას” მისსავე მოედანზე 3:1 მოუგო. ამ შეხვედრაში სტუმართაგან მესამე გოლო 19 წლის ნახევარმცველმა ლორენცო პელეგრინიმ გაიტანა. ეს ფაქტი კი იმითაა გამოსარჩევი, რომ ნიჭიერ ფეხბურთელს ცოტა ხნის წინ გულზე პრობლემები ჰქონდა და ოპერაცია აქვს გადატანილი. ლორენცოს კარიერას, რომელიც “რომას” საფეხბურთო სკოლაში დაიწყო, დასრულების საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა ფეხბურთელმა ბოლომდე იბრძოლა და აგერ იტალიის მთავარ ლიგაში სულ რაღაც მესამე ჩატარებულ მატჩში სადებიუტო გოლის გატანაც შეძლო.

აღსანიშნავია, რომ პელეგრინის სერია A-ში დებიუტი გასულ სეზონში “რომას” რიგებში “ჩეზენას” წინააღმდეგ ჰქონდა, ხოლო წლეულს “სასუოლოს” მაისურით ორჯერ ითამაშა. იგი იტალიის 19-წლამდე ნაკრების კაპიტანი გახლდათ, ხოლო ამჟამად 20-წლამდელებში ირჯება.

აღსანიშნავია, რომ “რომამ” ნიჭიერი ფეხბურთელი “სასუოლოს” გასულ ზაფხულს 1.25 მილიონ ევროდ დაუთმო, თუმცა გამოსყიდვის უფლებით: “ჯალოროსის” დამდეგ ზაფხულს პელეგრინის სანაცვლოდ 7 მილიონი ევროს გაღება მოუწევს, თუ რა თქმა უნდა, ამას საჭიროდ ჩათვლიან. ლორენცო პელეგრინის მომავალს აპენინზე სახელოვანი თანამემამულის, დანიელე დე როსის განვლილ გზასთანაც აიგივებენ...

0.115648