ვეტერანი იტალიელი თავდამსხმელი ლუკა ტონი დიდი ფეხბურთიდან წასვლას აპირებს. ამის შესახებ 38 წლის ფორვარდმა “ვერონასა” და “ემპოლის” (0:1) მატჩის დასრულების შემდეგ “სქაი სპორტთან” საუბრისას განაცხადა. თუმცა, ტონის ეიმედება, რომ კარიერის დასრულება “ვერონას” გადარჩენით მოუწევს.
“ალბათ მოვიდა დრო, რომ წერტილი დავსვა, მაგრამ იმედია, მანამდე “ვერონას” სერია A-ში ადგილის შენარჩუნებაში დავეხმარები. დღეს კარგი თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ სამწუხაროდ წავაგეთ, ისეთ კარგ გუნდთან, როგორიც “ემპოლია”. ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და გადარჩენისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ეს ბრძოლა კი, მომდევნო ტურში მილანიდან უნდა დავიწყოთ.
ასეთი ქომაგები, როგორიც ვერონაში არიან, ჩემს 20 წლიან კარიერაში არ მინახავს. გუნდი ბოლო ადგილზეა, ახალი მწვრთნელი ჰყავს, აგებს მნიშვნელოვან თამაშს კონკურენტთან, მაგრამ თამაშის ბოლოს მაინც ტაშს გიკრავენ”, - აღნიშნა ტონიმ.
ლუკა ტონი “ვერონაში” 2013 წელს ჩაირიცხა და გასულ ორ სეზონში თავი შედეგიანობით გამოიჩინა – პირველ წელს 34 მატჩში 20 გოლი გაიტანა, ხოლო მეორე წელს, 38 თამაშში მეტოქეები 22-ჯერ დაამწუხრა. მიმდინარე სეზონში კი, მთლად წარმატებულად ვერ თამაშობს, რადგან 2 თვე ტრავმის გამო გაუცდა. წლეულს ჯამში 7-ჯერ ითამაშა და თავი ერთადერთხელ გამოიჩინა. რაც შეეხება კარიერის საუკეთესო წლებს, იგი “პალერმოში”, “ფიორენტინასა” და “ბაიერნში” გაუტარებია. 2006 წელს კი, ევროპის საუკეთესო ბომბარდირისთვის დაწესებული “ოქროს ბუცი” აქვს მოგებული, ხოლო იმავე წლის ზაფხულში იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონიც გამხდარა.