საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-14 ტურში ცენტრალური მატჩი თბილისის “დინამო არენაზე” გაიმართება, სადაც “დინამო” ბოლნისის “სიონს” უმასპინძლებს. მათ შორის სხვაობა ორი საფეხური და 5 ქულაა, ასე რომ, თუ სტუმრები მოიგებენ, ლიდერთა ჯგუფში კიდევ უფრო დაიძაბება ვითარება, თუმცა ეს იოლი საქმე რომ არ არის, ყველამ იცის.
“დინამო” და “სიონი” ბოლოს მარტში შეხვდნენ ერთმანეთს, მატჩი “მიხეილ მესხზე” გაიმართა და ბოლნისელებმა 2:1 მოიგეს. სულ კი ეს გუნდები 55-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს (ამხანაგური მატჩები არ ითვლება) და აქედან, 44 დინამოელების გამარჯვებით დასრულდა, 7 მოიგეს ქვემოქართლელებმა და 4 ფრედ დასრულდა.
ვარლამ კილასონიას გუნდს არ ეყოლება ფორვარდი დიმიტრი ტატანაშვილი, რომელიც “სამტრედიასთან” წინა მატჩში გააძევეს. არცთუ მცირე დანაკლისია. დინამოელთაგან კარგ ფორმაში და გოლების იშტაზე არიან გიორგი ქვილითაია და ჯაბა ჯიღაური, თუმცა როგორც წესი, გია გეგუჩაძის გუნდი ერთ-ორ კაცზე არაა აწყობილი: გუნდში ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუმცა აკი ვთქვით, “სიონიც” კარგად გამოიყურება, გამართულ ფეხბურთს აჩვენებს.
მეორეადგილოსანი “დილა” აუტსაიდერ “მერანს” მასპინძლობს, ეს ერთადერთი შეხვედრაა ორშაბათს და ამით დამთავრდება ტური. და რაც შეეხება კვირის 14:00 საათზე დასაწყებ მატჩებს, ოთხდღიან ინტერვალში ივანწმინდაში მეორედ წარსდგებიან ერთმანეთის პირისპირ “ჩიხურა” და “შუქურა”. ზემოიმერლებმა თასის მეოთხედფინალის პირველი მატჩი 2:0 მოუგეს ქობულეთელებს და ახლა ჩემპიონატშიც შეეცდებიან წარმატების მიღწევას. ეს ორი გუნდი ცხრილში ერთმანეთის მეზობელია.
“ცხინვალი” აშკარა ფავორიტი იქნება “საპოვნელასთან”, რომელსაც უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის მოუწევს ბრძოლა. “საპოვნელას” დარად, იგივე ამოცანა აქვთ გადასაჭრელი “ზუგდიდს”, “გურიას” და ასევე, ხსენებულ “მერანსაც”. ამ ტურში ოთხივე აუტსაიდერი გასვლაზე თამაშობს.
დაძაბულ მატჩს ველით ქობულეთში, სადაც ბათუმის “დინამო” “საბურთალოს” უმასპინძლებს. სტაბილურობა ორივე გუნდს აკლია, თუმცა ორივენი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ.
და კიდევ, “ტორპედო”-“ლოკომოტივი”. დრო იყო, ამ გუნდების შეხვედრას საჩემპიონო დატვირთვა ჰქონდა, ახლა კი ასე აღარაა. “ლოკომოტივი” ბოლო ხუთი-ექვსი ტურია, კარგად თამაშობს, სამმატჩიანი მოგებათა სერიაც ჰქონდა. ქუთათურთა ალექსანდრ შტელინისგან განსხვავებით, თბილისელთა ესპანელმა ახალწვეულმა მწვრთმელმა ჟერარდ სარაგოსამ უფრო გაამართლა. ისე, სარაგოსა ნახევარი სეზონის განმავლობაში “ტორპედოსაც” თავკაცობდა. ეს 2013 წელს.
კვირა
14:00. თბილისი. “მიხეილ მესხი”
”ცხინვალი” – “საპოვნელა” (თერჯოლა)
დისკვალიფიკაცია: ლექვთაძე (ცხინვალი); ტყეშელაშვილი (საპოვნელა)
14:00. ქობულეთი. “ჩელე არენა”
“დინამო” (ბათუმი) – “საბურთალო” (თბილისი)
14:00. ქუთაისი. “რამაზ შენგელია”
“ტორპედო” (ქუთაისი) – “ლოკომოტივი” (თბილისი)
14:00. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე”
“სამტრედია” – “გურია” (ლანჩხუთი)
დისკვალიფიკაცია: რაჟამაშვილი, დათუნაიშვილი, ცნობილაძე (სამტრედია); წილოსანი (გურია)
14:00. ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე”
“კოლხეთი” (ფოთი) – “ზუგდიდი”
14:00. ივანწმინდა. “ცენტრალური”
”ჩიხურა” (საჩხერე) – “შუქურა” (ქობულეთი)
დისკვალიფიკაცია: მეგრელიშვილი (ჩიხურა)
18:00. თბილისი. “დინამო არენა”
“დინამო” (თბილისი) – “სიონი” (ბოლნისი)
დისკვალიფიკაცია: ტატანაშვილი, ჯაფიაშვილი (ორივე – “სიონი”)
ორშაბათი
14:00. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე”
“დილა” (გორი) – “მრანი” (მარტვილი)
დისკვალიფიკაცია: კვახაძე (დილა); ჯღამაია (მერანი)