საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე ერთპიროვნულ ლიდერ ,,ბათუმისა’’ და საქართველოს თასის მფლობელ ,,დინამოს’’ მატჩით გაიხსნა.
როგორც სატურნირო მდგომარეობიდან, ასევე შემადგენლობიდან გამომდინარე ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ. ამ შეხვედრაში სტუმრებმა ტრავმირებულ ნოდარ გოგოძესა და ლუკა ზაქრაძესთან ერთად გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დისკვალიფიცირებული ილია ლონდარიძეც მოისაკლისეს. პროგნოზის მიუხედავად შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც პირველი მეოთხედი დიდი ანგარიშით 23:13 მოიგეს. მეორე მეოთხედში მასპინძლებმა შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და პირველი ტაიმი ფრედ 39:39 დასრულდა.
მესამე მეოთხედმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. შეხვედრის ბედი მეოთხე, დასკვნით მეოთხედში გადაწყდა. დროის ეს მონაკვეთი ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა ისევე აღმავლობით ჩაატარეს, როგორც პირველი მეოთხედი და ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი ანგარიშით 76:64 დაამარცხეს.
დინამოელთა გამარჯვებაში ლომის წილი ებრიუ მაკალპიმ, გრიგოლ შვანგირაძემ და მიხეილ ბერიშვილმა შეიტანეს, რომლებმაც შესაბამისად 19, 18 და 17 ქულა დააგროვეს. ,,ბათუმელი“ აკაკი დვალიშვილი ამ შეხვედრის ერთადერთი მონაწილე იყო, რომელმაც 18 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, მაგრამ მისმა გარჯამ ზღვისპირელებს ვერ უშველა.
შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე სეზონში ,,დინამო“ ბათუმისთვის უხერხული მეტოქეა, რადგან პირველი წრის შეხვედრაც თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა, რომელიც ,,დინამომ’’ უფრო დამაჯერებელი ანგარიშით 80:63 მოიგო. მიმდინარე ჩემპიონატში ,,ბათუმს“ ორადორი წაგება აქვს და ორივე ,,დინამოსთან“.
,,ბათუმი“ - ,,დინამო“ 64:76 (13: 23, 26:16, 13:15, 12:22)