თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე იოლი გამარჯვება იზეიმა და ტოპ-16-ის საგზურიც გაიფორმა. ბასკური კლუბი შინაურ არენაზე ფრანგულ “ლიმოჟს” დაუხვდა და მეტოქე 92:56 გაანადგურა.
ქართველი კალათბურთელის კლუბმა პირველ მეოთხედში 29:15 იმარჯვა და შემდგომში მხოლოდ უპირატესობის გაზრდით იყო დაკავებული. შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 21:17 წუთში კი 11 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
თორნიკემ 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 14-ს უწია, რითაც იგი მხოლოდ ამერიკელ დარიუს ადამსს (23 ქულა, 5 ჩაჭრა) და ბერძენ იოანის ბურუსისს (10 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი) ჩამორჩა.
“ლაბორალ კუჩამ” 5 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და B ჯგუფში პირეოსის “ოლიმპიაკოსს” კვალში იმყოფება, რომელსაც ზურგს 7 გამარჯვება უმაგრებს. ბასკური კლუბი მომდევნო მატჩს 10 დეკემბერს სტამბოლში “ანადოლუ ეფესის” წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელიც 4 მოგებით ზაგრების “ცედევიტასთან” ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს.
ეს გუნდები ერთმანეთს ხორვატიაში დაუპირისპირდნენ და თურქულმა კლუბმა 81:75 მოიგო. “ცედევიტას” რიგებში ჯეიკობ პულენმა, რომელიც გასულ ევრობასკეტზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა, 24:24 წუთში 17 ქულა (9-დან 5 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი, 7-დან 4 საჯარიმო), 1 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 5 პასი მიითვალა და მასპინძელთა რიგებში შედეგიანობით მხოლოდ მირო ბილანს (18 ქულა, 8 მოხსნა) ჩამორჩა.