დუდა სანაძის მორიგი შედეგიანი მატჩი. ამერიკის სტუდენტური ლიგის მორიგ არასაკონფერენციო მატჩში ქართველმა უკანახაზელმა 21 ქულა მიითვალა და „სან დიეგოს“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოაპოვებინა. სანდიეგოელებმა „ბეტესდას“ უმასპინძლეს და დამაჯერებელი სხვაობით - 71:56 დაამარცხეს.
არადა, პირველი ტაიმის შემდეგ „სან დიეგო“ აგებდა. ქართველი ლეგიონერის შედეგიანობის წყალობით, გუნდმა მეორე ნახევარში მეტოქე ჩამოიტოვა და საბოლოო გამარჯვებასაც მიაღწია. სანაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მის ანგარიშზე 21 ქულა, 3 ჩაჭრა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება გახლდათ. დუდამ 30 წუთი ითამაშა და 10-დან 7 ორქულიანი, 8-დან 1 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. თამაშიდან ცხრავე სროლა ააცილა სანაძის თანამებრძოლმა მარკუს ჰარისმა, თუმცა ქართველის შედეგიანობამ სანდიეგოელთა გუნდის ეს ხარვეზი გადაფარა.
არასაკონფერენციო 7 მატჩიდან „სან დიეგოს“ 2 მოგება აქვს. „ვესტ ქოუსთის“ კონფერენციის ჩემპიონატი 1 იანვარს „პასიფიკთან“ მატჩით დაიწყება, მანამდე კი სანაძის გუნდი კიდევ 4 შეხვედრას გამართავს. მომდევნო მატჩი „სან დიეგო ტორეროს“ 7 დეკემბერს, თანაქალაქელ „სან დიეგო სტეიტთან“ ელის.