2015/2016 წლების საფეხბურთო სეზონის დაწყებიდან მესამედზე მეტი გავიდა. ეს ეხება როგორც შიდა ჩემპიონატებს, ასევე ევროტურნირებს, რომელთა ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა.
სეზონის განვლილი პერიოდის მიხედვით, გულშემატკივრების სიმპატია ბევრმა გუნდმა დაიმსახურა, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთაც მოლოდინის საპირისპიროდ ქომაგებს იმედი გაუცრუეს და ძალიან ცუდად გამოიყურებიან.
მოცემულ სტატიაში სწორედ ისეთ გუნდებზე ვისაუბრებთ, რომელთგანაც წინა სეზონების შედეგების, შემადგენლობების და კიდევ სხვა მიზეზების გამო ბევრად უკეთეს თამაშს ველოდით, თუმცა ჯერჯერობით ისინი საპირისპიროდ გამოიყურებიან.
10. “სოსიედადი”
ბასკურ კლუბს ბოლო წლებში საუკეთესო სეზონი 2012/2013 წლების სეზონში ჰქონდათ, როდესაც ფელიპე მონტანიეს ხემძღვანელობით ლა ლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგას უწია. მოულოდნელად, მონტანიემ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა და “სოსიედადი” ხაკობო არესატემ ჩაიბარა, რომლის მუშაობის პერიოდი მაინცდამაინც ნაყოფიერი ვერ გამოდგა და შარშან მას კარისკენ მიუთითეს. სან-სებასტიანელთა თავკაცად დევიდ მოიესი დაინიშნა, რომლიგანაც გულშემატკივართა ნაწილი ბევრს მოელოდა და მიიჩნევდა, რომ მანჩესტერში განცდილ წარუმატებლობას ბასკეთში კარგი მუშაობა მოჰყვებოდა.
გასული სეზონი “სოსიედადმა” მე-12 ადგილზე დაასრულა, თუმცა ამაზე დევიდ მოიესთან პრეტენზია არავის ჰქონია, რადგანაც კლუბი სეზონის შუაში ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაიბარა. ამასთან, არ ჰქონია გუნდის მოსამზადებლად სათანადო დრო და არც ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დაუმატებია ვინმე.
ეს მიზეზები მოიესს უკვე მომდევნო ანუ მიმდინარე სეზონში რაღა თქმა უნდა ვეღარ უშველიდა. მას ზაფხულში ჰქონდა იმის დრო, რომ გუნდი ნაყოფიერად მოემზადებინა. თანაც, “ჩური ურდინი” საკმაოდ გაძლიერდა. ბასკებს არცერთი წამყვანი მოთამაშე არ გაუშვიათ. სამაგიეროდ, დაიმატეს - ჯონათასი, რომელიც გასულ სეზონში “ელჩეს” ნათელი წერტილი გახლდათ და ლა ლიგაში 14 გოლი გაიტანა. ბრუმა, რომელიც ძალიან ნიჭიერი ვინგერია. სწრაფია, ტექნიკურია და თამაშის გამწვევება შეუძლია. პორტუგალიის 21 წლამდე ნაკრების წევრია. ახალგაზრდა მცველი დიეგო რეიესი, რომელიც ასევე ძალიან ნიჭიერია და რაც მთავარია, მადრიდის “რეალიდან” დაიბრუნეს ასიერ ილარამენდი. რამდენიმე სეზონის წინ “სოსიედადის” ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელი.
მოკლედ, ბასკები შარშანდელთან შედარებით გაცილებით გაძლიერდნენ და მათგან ევროპა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას მოელოდნენ, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. ბასკები 11 ტურის შემდეგ 9 ქულით მე-17 ადგილზე იმყოფებოდნენ და გასავარდნი ზონისგან მეტოქის ბურთების უარესი სხვაობაღა აშორდებდა, რაც დევიდ მოიესს აღარ აპატიეს და კარისკენ მიუთითეს.
“სოსიედადი” ეუსებიო საკრისტანმა ჩაიბარა, რომლის ხელმძღვანელობითაც კლუბმა სადებიუტო მატჩშივე იმარჯვა “სევილიასთან”, ხოლო შემდეგ “ნოუ კამპზე” იმ ანგარიშით წააგო “ბარსელონასთანაც”, რომლითაც “რეალმა” წააგო ერთი კვირით ადრე, რისთვისაც ახალ მწვრთნელს არავინ გაკიცხავს.
9. “ლილი”
ორი სეზონის წინ “ლილმა” საფრანგეთის ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა. იქამდეც, კლუბი მუდმივად მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა და 2010/2011 წლების სეზონში ჩემპიონიც გახდა. გასულ სეზონში “ძაღლებს” ჩავარდნა დაეწყოთ, მე-8 ადგილზე გავიდნენ და 2007/2008 წლების შემდეგ პირველად ექვსეულის მიღმა აღმოჩნდნენ.
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ლილმა” რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გაუშვა და ამით ჯამში 35.25 მილიონი ევრო გამოიმუშავა. დახარჯვით კი, ფართო საზოგადოებისთვის უცნობი მოთამაშეების შესაძენად 12.9 მილიონი ევრო დახარჯდა.
კლუბის ხელმძღვანელობის სატრანსფერო პოლიტიკიდან გამომდინარე გასაგები გახლდათ, რომ “ძაღლები” ძველებურად მაღალი მიზნებისთვის ვეღარ იბრძოლებდნენ, თუმცა ასეთ საშინელ შედეგსაც ალბათ არავინ მოელოდა. ჩრდილო ფრანგულმა კლუბმა 15 ტურში მხოლოდ 2 მატჩი მოიგო, სულ 14 ქულა აქვს და მე-18 ადგილზე ანუ გასავარდნ ზონაში იმყოფება. “ლილს” 6 მატჩია არ მოუგია.
აღსანიშნავია, რომ ასეთი ცუდი თამაშის მიუხედავად, “ლილს” ლიგა 1-ში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა ჰყავს. ფრედერიკ ანტონეტის შეგირდებს მხოლოდ 11 გოლი აქვთ გაშვებული და ამ მაჩვენებლით მხოლოდ “პარის სენ-ჟერმენსა” და “ანჟერს” ჩამოუვარდებიან, თუმცა ძალიან უჭირთ გოლის გატანა. “ძაღლებს” მხოლოდ 8 გოლი აქვთ გატანილი. ამაზე უარესი მაჩვენებელი კი არავის აქვს (“ტრუას” ანალოგიური მაჩვენებელი აქვს).
8. “მარსელი”
2014/2015 წლების სეზონის დაწყების წინ “მარსელს” სათავეში მარსელო ბიელსა ჩაუდგა, რომელიც იდეალურად მოერგო კლუბს და უმალ მაღალ დონეზე აათამაშა. თუმცა, ძალიან მალე არგენტინელ მწვრთნელსა და კლუბის პრეზიდენტს შორის შავმა კატამ გაირბინა. ბიელსას თქმით, კლუბის ხელმძღვანელობა სატრანსფერო პოლიტიკას მისი სურვილების საწინააღმდეგოდ აწარმოება და მასე თანამშრომლობა გაუჭირდებოდათ.
ასეც მოხდა, შესანიშნავად ჩატარებულ პირველ წრეს (“მარსელი” ზამთრის ჩემპიონი გახდა), ჩაგდებული მეორე ნახევარი მოჰყვა. ზღვისპირელები მე-4 ადგილზე გავიდნენ და ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩნენ.
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “მარსელის” ხელმძღვანელობა და ბიელსა კვლავ ვერ შეთანხმდნენ. უნდა ითქვას, რომ არგენტინელი სპეციალისტი მართალი გახლდათ, რადგანაც ერთბაშად რამდენიმე ლიდერს შეელივნენ. “ველოდრომი” დატოვეს: ანდრე აიუმ, ანდრე-პიერ ჟინიაკმა, გიანელი იმბულამ, ფლორიან ტაუვინმა და დიმიტრი პაიემ. ამ მოთამაშეების გაყიდვით “ოლიმპიკმა” 54.45 მილიონი ევრო გამოიმუშავა და აქედან ახალი მოთამაშეების შეძენაში მხოლოდ 19.15 დახარდა (სარი, როლანდო, ოკამპოსი, რეკიკი, ნ’კუდუ, ისლა, ლუკას სილვა, დიაბი, კაბელია, დე ჩელიე, ლასანა დიარა, იოჰან პელე, მანკილიო). თანაც, ახალი მოთამაშეებიდან ბევრი ან იჯარით იყო აყვანილი, ანაც თავისუფალი აგენტი გახლდათ.
“მარსელმა” პირველი ტური წააგო და ბიელსაც გადადგა. მის ნაცვლად მიჩელი დაინიშნა, რომელსაც ჯერჯერობით უჭირს ახალი კლუბის მაღალ დონეზე ათამაშება, თუმცა ზღვისპირელები შედარებით უკეთესნი ხდებიან. მართალია მიჩელის შეგირდები მე-11 ადგილზე არიან, თუმცა მე-2 ადგილსანს 9 ქულით ჩამორჩებიან და თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ მომენტისთვის სამეულში “ანჟერი” და “კაენი” იმყოფებიან, მაშინ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი ნამდვილად აქვთ.
რაც შეეხებ ევროპა ლიგას, თუ ბოლო ტურში “მარსელი” გასვლაზე “ლიბერეცთან” არ წააგებს 1/16 ფინალში ითამაშებს.
7. “შალკე”
გასულ სეზონში “შალკემ” მე-6 ადგილი დაიკავა, მე-4 ადგილოსან “ლევერკუზენს” 13 ქულით ჩამორჩა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა.
აშკარა გახდა, რომ “ხუმარებს” გაძლიერება სჭირდებოდათ, თუმცა რეალურად საპირისპირო მოხდა. გელზენკირხენელები წამყვან მოთამაშეს იულიან დრაქსლერს შეელივნენ 36 მილიონ ევროდ და კონკურენტი “ვოლფსბურგი” გააძლიერეს. გარდა ამისა, ფარფანი, პაპადოპულოსი და ფუჩსი გაუშვეს და გაყიდული მოთამაშეებიდან 50.2 მილიონი ევრო გამოიმუშავეს.
დახარჯვით კი, იმდენიც არ დაუხარჯავთ, რაცმარტო დრაქსლერში მიიღეს: გეისის, ნასტასიჩის, კაისარას, დი სანტოსა და ჰიობერგის შეძენაში კლუბის ხემძღვანელობამ 33.2 მილიონი ევრო გაიღო.
“ხუმარებს” სეზონი ცუდად არ დაუწყიათ, თუმცა ჩავარდნა დაეწყოთ და ბუნდესლიგაში ხუთი მატჩია არ მოუგიათ. ამჟამად კლუბი მე-8 ადგილზე იმყოფება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ზონამდე მხოლოდ ორი ქული აშორებთ და თუ დროულად მოეგებიან გონს, წინსვლის მშვენიერი შანსი ექნებათ. “შალკეს” წარუმატებელი თამაშის ერთ-ერთი მიზეზი კლას-იან ჰუნტელაარის შედარებით სუსტი თამაშიცაა, რომელსაც წინა წლებთან შედარებით ცოტა გოლი გააქვს. მან ბუნდესლიგის 12 მატჩში მხოლოდ 4 ბურთი გაიტანა.
ბუნდესლიგისგან განსხვავებით, გელზენკირხენელებს საქმეები კარგად მისდით ევროპა ლიგაზე, სადაც 1/16 ფინალური ეტაპის საგზური ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაიფორმეს.
6. “ლიონი”
გასული სეზონი “ლიონმა” ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა. საფრანგეთის შვიდგზის ჩემპიონმა პსჟ-ს პირველობა მხოლოდ ბოლო ტურებში დაუთმო და მეორე ადგილს დასჯერდა. შესაბამისად, ახალ სეზონში “ლიონისგან” ბევრ ელოდნენ. კლუბი ჩემპიონთა ლიგას უბრუნდებოდა.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს იმ ტრიოს დაშლა, რომელიც “ლიონის” მამოძრავებელი ძალა იყო. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ნჯიე “ტოტენჰემის” ფეხბურთელი გახდა, ნაბილ ფეკირიმ სერიოზული ტრავმა მიიღო და კიდევ დიდხანს ვერ ითამაშებს. მარტო დარჩენილი ალექსანდრე ლაკაზეტი კი, შარშანდელივით შედეგიანი ვეღარაა (19 მატჩში 7 გოლი გაიტანა ყველა ტურნირზე) და ეს კლუბის რეზულტატზეც აისახა.
“ლიონი” ასევე იოჰან გურკუფს შეელია, თუმცა ბოლო პერიოდში მას ტრავმები აწუხებდა და ეს დიდი დანაკლისი არ გახლდათ. “სტად ჟერლენის” ბინადარმა შევსება სათანადო მიიღო, დაიმატეს: დარდერი, იანგა-მბივა, ვალბუენა, ბივუ და რაფაელი.
მხოლოდ საფრანგეთის ჩემპიონატით რომ ვიმსჯელოთ, არასტაბილური თამაშის მიუხედვად, “ლიონზე” იმედგაცრუებააო ვერ ვიტყვით, რადგანაც მე-4 ადგილზეა და მე-2 ადგილოსანს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება, თუმცა იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ მათგან ლიგა 1-ში მეტი იყო მოსალოდნელი. მასზე წინ არიან “ანჟერი” და “კაენი”, რომლებიც დიდი ალბათობით ბოლომდე ასე ვერ ითამაშებენ და დაბლა ჩამოვლენ, თუმცა ჩემპიონობის ბედი გარკვეულია, რაც ძალიან ცუდია ლიგა 1-ის პრესტიჟისთვის. ამჟამად, პსჟ-სა და “ლიონს” შორის სხვაობა 16 ქულაა, სეზონის დაწყების წინ კი, მიიჩნეოდა, რომ ჰუბერტ ფურნიეს კრებული პარიზელებს წინააღმდეგობას გაუწევდა.
რაც შეეხება “ლიონის” ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას, ამაზე იმედგაცრუება რბილი ნათქვამია. “ოლიმპიკმა” არც ისე ძლიერ ჯგუფში კატასტროფულად იასპარეზა და ჯგუფში დამსახურებულად გავიდა ბოლო ადგილზე. ერთადერთი ქულა “ლიონმა” ბელგიაში “გენტის” წინააღმდეგ მოიპოვა, სადაც მასპინძლები 9 კაცით იყვნენ და ლაკაზეტმა ბოლოს პენალტი ვერ გაიტანა. ამას მოჰყვა “ვალენსიასთან” შინ წაგება და “ზენიტთან” ორი მარცხი, თუმცა ჯგუფში ვითარება ისე განვითარდა, რომ მე-5 ტურის მატჩის წინ “ლიონს” გასვლის შანსი მაინც ჰქონდა. ამისთვის საჭირო იყო, რომ “გენტი” დაემარცხებინათ შინ, ხოლო შემდეგ “ვალენსიასთვის” მოეგოთ “მესტალიაზე”, მაგრამ ფურნიეს კრებული ამჯერადაც შერცხვა, წააგო და “ლიონისთვის” ევროტურნირებზე გამოსვლა დასრულდა.
5. “ლაციო”
გასული სეზონი “ლაციომ” ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და იტალიის ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა, თუმცა ახალი სეზონი ცუდად დაიწყო, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “ლევერკუზენის” ბარიერი ვერ დაძლია და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც კარგად ითამაშა და 1/16 ფინალის საგზური იოლად მოიპოვა.
“არწივები” სერია ა-ში მძიმე შტაბეჭდილებს ტოვებენ. კლუბი ამჟამად მე-10 ადგილზეა და სამეულს 10 ქულით ჩამორჩება. სტეფანოს პიოლის შეგირდებმა ჩემპიონატის ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგეს და 1 ფრედ ითამაშა. “ლაციოს” მიმდინარე სეზონში უკვე 7 წაგება აქვს, რაც 14 მატჩში ძალიან ბევრია და თუ პიოლიმ სიტუაციის გამოსწორება ვერ შეძლო, დიდი შანსია თანამდებობის დატოვება მოუწიოს.
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ლაციომ” კიშნა, ბასტა, მილინკოვიჩ-სავიჩი, მაურისიო და ჰოედტი დაიმატა, რაშიც ჯამში 20.65 მილიონი ევრო დახარჯა, ხოლო კავანდას, ედერსონს, გონსალესს და რამდენიმე ისეთ მოთამაშეს შეელია, რომელნიც გასულ სეზონში დიდად არ გამოირჩეოდნენ. ასე რომ, კლუბი არ დასუსტებულა.
ძირითადი ფაქტორი, რომელმაც მაინც “ლაციოს” ცუდი თამაში განაპირობა ფეხბურთელების ტრავმიანობაა. ამჟამად, დე ვრეი, ონაზი და მაური არიან ტრავმირებულნი, ხოლო განვილი ეტაპის სხვადასხვა ნაწილში დაშავებულნი იყვნენ: კლოზე, ბილია, მარკეტი, კეიტა, ჯორჯევიჩი, პაროლო, რადუ და ა.შ.
მომდევნო ტურში “ლაციოს” სერიოზული გამოცდა ელის. ისინი საკუთარ მოედანზე მშვენიერ ფორმაში შესულ ტურინის “იუვენტუსს” დაუპირისპირდებიან და თუ კიდევ დამარცხდებიან, შესაძლოა პიოლი სამსახურის გარეშე დარჩეს.
4. “ნიუკასლი”
მშვენიერი შემადგენლობის მქონე კლუბი მე-19 ადგილზე იმყოფება და ამჟამად, გავარდნის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად ითვლება.
რა არის ამის მიზეზი? ალბათ, “კაჭკაჭების” მთავარი მწვრთნელის სტივ მაკკლარენის არასათანადო კვალიფიკაცია. “ჯორდების” ხელმძღვანელობას არაერთი კარგი ვარიანტი ჰქონდათ, მაგრამ მოულოდნელად მაკკლარენს ანდეს გუნდი და ამის შედეგებს ახლა იმკიან. “ნიუკასლი” ძალიან ცუდ ფეხბურთს აჩვენებს, არაა ერთ მუშტად შეკრული და ჩამოუყალიბებელ თამაშს ანახებს. კლუბი ძირითადად მხოლოდ ფეხბურთელების ინდივუდუალური ოსტატობით ცდილობს ფონს გასვლას, რითაც წარმატების მიღწევა ისეთ ჩემპიონატში, როგორიც პრემიერლიგააა ძალიან რთულია.
ცნობისთვის, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბმა 70 მილიონ ევრომდე დაიმატა და ისეთი მოთამაშეები დაიმატა, როგორებიც არიან: მიტროვიჩი, ტაუვინი, მბემბა და ვეინალდუმი, მაგრამ სასურველი შედეგი ძალიან შორსაა.
“ნიუკასლის” ფანებისთვის ასევე ძალიან მტკივნეულია ტაინ-უირის დერბიში “სანდერლენდთან” უშანსოდ მარცხი, რომლებიც დასანახად ვერ იტანენ ერთმანეთს.
მომავალ ტურში “ჯორდები” შინ “ლივერპულს” მიიღებს და თუ კვლავ წააგეს, მაკლარენის დათხოვნა გასაკვირი არ იქნება.
3. “სევილია”
ევროპა ლიგის მფლობელის თამაშის შეფასება არაერთგვაროვნად შეიძლება.
ჯერ ესპანეთის ჩემპიონატზე ვისაუბროთ. აქ იყო ისეთი მატჩები, რომლითაც “სევილიას” შეუძლია იამაყოს. საუბარია, საკუთარ მოედანზე “რეალის”, “ბარსელონასა” და “ვალენსიას” ძლევა. თუმცა, ყოველი გამარჯვება სამი ქულაა და ძლიერებთან მოგებაზე მეტ ქულას არ იძლევიან. შესაბამისად, მხოლოდ ძლიერ კლუბებთან მოგება საკმარისი არაა. “სევილიას” კი ლა ლიგაში სულ 5 მოგება აქვს და აქედან 3 სახელოვან კლუბებთან.
ანდალუსიელები ძალიან ცუდად თამაშობენ საშუალო დონის გუნდებთან, უამრავ ქულას კარგავენ და შესაბამისად, 18 ქულით მხოლოდ მე-10 ადგილზე არიან.
წარუმატებელი გამოდგა “დალაქების” ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება, კლუბი “სიკვდილის ჯგუფში” ჩარჩა და შესაძლოა, ევროპა ლიგაზეც ვერ გადაინაცვლოს.
“სევილიას” წარუმატებლობის მიზეზებსაც თუ მივადგებით, სატრანსფერო საქმიანობაზე ცუდი ყველაზე ნაკლებად ითქმის, კლუბი რამდენიმე წამყვან მოთამაშეს შეელია, თუმცა შემცვლელიც საკადრისი მოძებნა.
უნაი ემერის კრებულის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი, მაინც გადაჭარბებული ტრავმიანობაა. ამჟამად, ლაზარეთში არინ: ბეტო, ანდრეოლი, კარისო, პარეხა და გამეირო, ხოლო სეზონის განვლილი ნაწილის სხვადასხვა პერიოდში კიდევ დაშავებულნი იყვნენ: ესკუდერო, რამი, ვიტოლო, ლორენტე, ბანეგა, ნ’ზონზი და კაკუტა.
2. “ვალენსია”
“ვალენსიაზე” საუბარი 2014 წლის ივლისით უნდა დავიწყოთ. ამ დროს გაირკვა, რომ კლუბის მფლობელი მილიარდელი პიტერ ლიმი გახდებოდა. ძალიან მალე, ლიმის პირველი გადაწყვეტილებაც გავიგეთ, თანაც ძალიან მოულოდნელი. მან ხუან ანტონიო პიცის კარისკენ მიუთითა, რომელმაც მოკლე დროში, მწირი რესურსებით მაღალ დონეზე აათამაშა კლუბი. მის ნაცვლად, ხორხე მენდეშის რჩევით “რიუ ავეს” მთავარი მწვრთნელი ნუნუ ესპირიტო სანტო დანიშნეს.
გასულ სეზონში “ვალენსია” ევროტურნირებზე არ გამოდიოდა და ნუნუმ კლუბის ოთხეულში შეყვანა მოახერხა. “ღამურები” ლამაზად თამაშობდნენ და საყოველთაო მოწონებას იმსახურებდნენ, თუმცა სტაბილურობა აკლდათ და საბოლოოდ ძვლივს გავიდნენ მე-4 ადგილზე.
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პიტერ ლიმმა ალვარო ნეგრედო, ჟოაო კანსელო, როდრიგო მორენო და ანდრე გომეში გამოისყიდა, რაშიც 90 მილიონი ევრო დახარჯა. მათ გარდა, “ვალენსიამ” მეტიუ რაიანი, ადერლან სანტოსი, აიმენ აბდენური, ზაქარია ბაკალი, დანილო ბარბოსა და სანტი მინა დაიმატა (მათში 50 მილიონ ევრომდე დახარჯეს), ხოლო გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშეს ნიკოლას ოტამენდის შეელია. ასეთი სატრანსფერო პოლიტიკის შედაგად, “ღამურებს” ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავთ.
“ლოს ჩეს” კრიზისის პირველი ნიშნები ბევრმა ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის მატჩებში შეატყო, სადაც კლუბს ძალიან გაუჭირდა “მონაკოს” გამოგდება.
ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების შემდეგ “ვალენსიას” წინა სეზონის მთავარი პლიუსი აღარ ჰქონდა – მეტი დასვენების დრო და იოლი კალენდარი კონკურენტებთან შედარებით. გამოჩნდა ასევე ნუნუ ესპირიტო სანტოს გამოუცდელობა, მას ძალიან უჭირდა შემადგენლობის ორ ფრონტზე სწორად გადანაწილება და ნოემბრის ბოლოს “ვალენსიამ” ასეთი შედეგი მიიღო: 150 მილიონის ინვესტიციის შემდეგ ლა ლიგაში მე-9 ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ყველაზე სუსტად დაკომპლექტებულ ჯგუფში მესამეზეა და იმ შემთხვევაში, თუ “გენტმა” შინ “ზენიტი”დაამარცხა ევროპა ლიგაზე მოუწევს გადანაცვლება.
კვირას “სევილიასთან” მარცხის შემდეგ ნუნუ ესპირიტო სანტომ თანამდებობა დატოვა, ხოლო დღეს ცნობილი გახდა, რომ სეზონის ბოლომდე “ვალენსიას” გარი ნევილი ჩაუდგება სათავეში. ახალი მწვრთნელის დებიუტი შაბათს “ბარსელონას” წინააღმდეგ შედგება.
1. “ჩელსი”
სეზონის განვლილი პერიოდის მთავარი იმედგაცრუება ნამდვილად ლონდონის “ჩელსია”. სეზონის დაწყების წინ, ლონდონური კლუბის ყველაზე დიდი მოძულეც ვერ წარმოიდგენდა, რომ “არისტოკრატები” პრემიერლიგაში 14 ტურის შემდეგ მე-14 პოზიციაზე იქნებოდნენ, გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 5 ქულა იქნებოდა სხვაობა და ჩემპიონთა ლიგის ზონასთან 12 ქულა იქნებოდა ჩამორჩენა.
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ჩელსი” წესიერად ვერ გაძლიერდა, რაც შედეგზეც აისახა. ლონდონელებს განსაკუთრებით დაცვაში უჭირთ. არადა, წლების განმალობაში უკანახაზი ლონდონელთა ყველაზე ძლიერი რგოლი იყო. “არისტოკრატებმა” 14 მატჩში 23 გოლი გაუშვეს და ამაზე ცუდი შედეგი მხოლოდ 5 ყველაზე სუსტ კლუბს აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ ლონდონელები ვერც შეტევაში ბრწინავენ და 17 გოლი აქვთ გატანილი, რაც საშუალო შედეგია.
“ჩელსი” ჩემპიონთა ლიგაზე ამჟამად პირველ ადგილზეა, მაგრამ თუ ბოლო ტურში შინ “პორტოსთან” წააგებს, შესაძლოა ჯგუფში ჩარჩეს (თუ “დინამო” “მაკაბის” მოუგებს).
ჟოზე მოურინიო შეეცდება, რომ არსებული რესურსით დეკემბერში რაც შეიძლება მეტი ქულები დააგროვებინოს კლუბს, ხოლო ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მოქმედი ჩემპიონის რიგებში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი.