კალათბურთი

0:22 | 2.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ გაბრიჩიძე: ,,ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ვინაობა იანვრის ბოლომდე გაირკვევა“
აქცენტი ბალკანელ სპეციალისტებზე კეთდება, კანდიდატთა შორის კი კოკოშკოვიცაა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. როგორც იქნა, თავი მოება ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორებიც სუპერლიგის მონაწილე გუნდების დაფინანსება და უმაღლეს ლიგაში გუნდების მიღების წესი იყო.
მიხეილ გაბრიჩიძის ფედერაციის პრეზიდენტად მოსვლამდე, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, უმაღლესი ლიგიდან არავინ ვარდებოდა. ასევე უცნაური იყო უმაღლეს ლიგაში გუნდების მიღების წესიც. ნებისმიერი, ვისაც მოესურვებოდა, კალათბურთის თამაშის მინიმუმ ათ მსურველს შეაგროვებდა და სუპერლიგაში თამაშისათვის დაწესებულ სავალდებულო თანხასაც გადაიხდიდა, თავისუფლად შეეძლო ეთამაშა.
ფედერაციაში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ, ეს პრობლემები მალე მოგვარდა. პირველ რიგში შეიქმნა ,,ა’’ ლიგა. სუპერლიგაში მონაწილეობის მსურველი გუნდი, ახალი წესებიდან გამომდინარე, ,,ა’’ ლიგის საკვალიფიკაციოდან იწყებს თამაშს და ,,ა’’ლიგაში მოხვედრის შემდეგ, აგრძელებს უმაღლეს ლიგისთვის ბრძოლას. ამ ლიგის გამარჯვებული გუნდი პირდაპირ გადადის უმაღლეს ლიგაში და ბოლო ადგილზე გასული გუნდის ადგილს იკავებს.
წინა წლებისაგან განსხვავებით, უმაღლესი ლიგის გუნდებიდან დაუფინანსებელი არავინ რჩება. გარკვეულ თანხას იღებენ ,,ა’’ლიგის მონაწილე გუნდებიც.
საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ნაკრებმა ზედიზედ მესამედ შეძლო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა და წინა წლებისაგან განსხვავებით, პირველად მოიპოვა მერვედფინალში ასპარეზობის უფლება.
ქართულ კალათბურთში გატარებულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ,,მსოფლიო სპორტი’’ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვეტერან კალათბურთელს მიხეილ გაბრიჩიძეს ესაუბრა.
-ევრო-2015-ის ფინალური ტურნირის დასრულებიდან საკმაო დრო გავიდა, მაგრამ ამ თემაზე თქვენი, როგორც ფედერაციის პრეზიდენტის აზრი მაინც საინტერესოა..
-რიგით გულშემატკივრებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ფინალური ეტაპი ჩვენთვისაც და ჩვენი კალათბურთელებისთვისაც მოულოდნელი შედეგით დაიწყო - დავმარცხდით ჰოლანდიასთან, ვისთანაც ფავორიტად ვითვლებოდით. არ მინდა ჩვენი გუნდის წაგება მსაჯებს დავაბრალო, მაგრამ ისინი უფრო ხშირად მეტოქის სასარგებლოდ ,,ცდებოდნენ’’. ნურც იმ ფაქტს დავივიწყებთ, რომ ნიდერლანდებს ჩვენთან თამაშის დროს თითქმის ყველაფერი გამოსდიოდათ. რამდენჯერმე ისეთი ბურთი ჩააგდეს, რომ თვითონაც კი გაუკვირდათ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჰოლანდია იმაზე ბევრად უფრო ძლიერი გუნდი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. მან ეს სხვა შეხვედრებშიც დაამტკიცა. მხოლოდ ხორვატებმა გატეხეს მათი წინააღმდეგობა მესამე მეოთხედში, დანარჩენ გუნდებთან კი ბოლომდე იბრძოლეს და იოლად არაფერი დაუთმიათ.
ბიჭებს მონდომება და შრომა მაინც დაუფასდათ. მაკედონიისა და ხორვატების დამარცხებით, პირველად ქართული კალათბურთის ისტორიაში მერვედფინალში ასპარეზობის უფლება მოვიპოვეთ, სადაც მომავალ ფინალისტ ლიტვის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში დავმარცხდით.
-არადა, მეოთხედფინალი ძალიან ახლოს იყო.ამ შეხვედრაში ჩვენი გუნდის მარცხს რით ხსნით?
-ლიტველებისაგან განსხვავებით, ჩვენი ნაკრები მერვედფინალში პირველად თამაშობდა. აღნიშნულიდან გამომინარე, მეტოქემ გამოცდილებით გვაჯობა. წაგების მიუხედავად, კარგი თამაშის გამო, რომელიც ჩვენმა გუნდმა აჩვენა, თამაშის დასრულების შემდეგ, ყველა გვილოცავდა. გულშემატკივრებმა ჩვენი კალათბურთელები მოედნიდან ტაშით გააცილეს.
-ფედერაციამ ევრო-2015-ზე ნაკრების გამოსვლა როგორ შეაფასა?
-დადებითად.
-სამწვრთნელო შტაბზე რას გვეტყვით?
-დამაკმაყოფილებლად შეფასდა სამწვრთნელო შტაბის მუშაობაც.
-ევრო-2015-ის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო შტაბს კონტრაქტის ვადა გაუვიდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრები ამჟამად მთავარი მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი. როდის გახდება ცნობილი მისი ვინაობა?
-2016 წლის 22 იანვარს დაგეგმილია ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების კენჭისყრა. ამის შემდეგ, მაქსიმუმ იანვრის ბოლომდე, ნაკრების ხელმძღვანელის ვინაობა ცნობილი გახდება.
-ჯერ ხომ არ არის ცნობილი იმ მწვრთნელის ვინაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს?
-ჯერჯერობით, არა.
-კანდიტატები თუ არიან?
-რა თქმა უნდა. ძირითად აქცენტს ბალკანეთის ქვეყნების წარმომადგენლებზე ვაკეთებთ. მათ შორის ერთ-ერთი კანდიტატი ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვიცაა (სერბეთი). გასაგები მიზეზების გამო, სხვა კანდიტატების დასახელებისაგან, ამჯერად თავს შევიკავებ.
-რამდენია კოკოშკოვის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩენის შანსი?
-ძალიან ცოტა, ოც პროცენტზე ნაკლები. აქვე მინდა დავამატო, რომ გადავწყვიტეთ შევქმნათ ,,ბ’’ ნაკრები, რომელიც პირველის დუბლშემადგენლობის მოვალეობას შეასრულებს. ამ გუნდში, პერსპექტიულ სპორტსმენებთაქნ ერთად, ის კალათბურთელები იქნებიან გამოძახებულნი, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებში თამაში თითქმის არ უწევთ, ან ძალიან ცოტა დროს ატარებენ მოედანზე. ,,ბ’’ ნაკრები ჩაატარებს ამხანაგურ თამაშებს და საერთაშორისო ტურნირებშიც მიიღებს მონაწილეობას.
-თუ შეარჩიეთ ,,ბ’’ ნაკრების მთავარი მწვრთნელი?
-ჯერჯერობით არა. ერთის თქმა კი დანამდვილებით შემიძლია, სამწვრთნელო შტაბი მთლიანად ქართველი მწვრთნელებისაგან იქნება დაკომპლექტებული, რათა მათ გამოცდილება მიიღონ.
-ვიცით, რომ საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატი განსხვავებული სისტემით ტარდება. რა ცვლილებებზეა საუბარი?
-წინამორბედისაგან განსხვავებით, ეს ჩემპიონატი ორის ნაცვლად ოთხ წრედ ტარდება. რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ფლეი-ოფში რვის ნაცვლად ოთხი გუნდი ითამაშებს, სადაც შეხვედრები სამ მოგებამდე გაგრძელდება. დანარჩენი გუნდები კი წრიული სისტემით მე-5-მე-8 ადგილებს გაითამაშებენ.
-იყო დრო, როდესაც ქართული კალათბურთი ბაზების ნაკლებობას განიცდიდა. ახლა კი, არჩევანი არსებობს. საუბარია ვერის ბაღში მდებარე გარემონტებულ დარბაზსა და თსუ-ს მაღლივ კორპუსთან მდებარე ახალ სპორტის სასახლეზე. რატომ შეაჩერეთ არჩევანი ახალ სპორტის სასახლეზე, რომელიც სუპერლიგის მატჩებს მასპინძლობს?
-ჯერ ერთი, რომ ახალ სპორტის სასახლეს, ვერის ბაღთან შედარებით უკეთესი განათება აქვს და მეორეც ის, რომ ახალი სპორტის სასახლე ბევრად უფრო დიდია და ოთახებიც მეტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტი ახალ სპორტის სასახლეში გადავიდა.
- ვთბ ლიგაში მოასპარეზე ,,ვითას“ ხელმძღვანელობა და ასევე არაერთი გულშემატკივარი უკმაყოფილო დარჩა, რომ აღნიშნული გუნდი უმაღლეს ლიგაში კონკურსგარეშე არ დაუშვით. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ თქვენი გადაწყვეტილება?
-,,ვითას“ პრეზიდენტი თემურ დათიკაშვილი ჩემი უახლოესი მეგობარია. ამის მიუხედავად, არც ახლა და არც მომავალში კანონს არ დავარღვევ. მას ყველამ პატივი უნდა ვცეთ და შევასრულოთ.
-საქართველოს ქალთა კალათბურთში თუ არის რაიმე სიახლე?
-დავიწყეთ მუშაობა, რათა ქალთა კალათბურთი იმ კრიზისიდან გამოვიყვანოთ, რომელშიც ბოლო წლებში აღმოჩნდა. ვაკეთებთ 16 და 18 წლამდე გოგონათა ნაკრებ გუნდებს. მომავალში ამ ნაკრებების ბაზაზე ეროვნული ნაკრების გაკეთებას ვაპირებთ .
-გოგონათა ნაკრები გუნდების მთავარი მწვრთნელები თუ შეარჩიეთ?
-ჯერჯერობით ცნობილია ქალთა ნაკრებების დირექტორის ვინაობა. ესაა ვეტერანი კალათბურთელი, ევროპის ჩემპიონი გოგონათა შორის მედეა მხეიძე.

0.113273