პრემიერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერს “სანდერლენდს”, გასულ ტურში “სტოკ სიტისთან” მოგება (2:0) ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელის ტრავმად დაუჯდა.
“შავ კატებს” აღნიშნული შეხვედრის 31-ე წუთზე ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლე ჯერმეინ დეფო გამოაკლდათ, ხოლო 54-ე წუთზე სებასტიან ლარსონი დაშავდა.
როგორც გაირკვა, ფეხბურთელების ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და მინიმუმ უახლოეს, შაბათს გასამართ შეხვედრას გამოტოვებენ, რომელშიც “სანდერლენდი” გასვლაზე მე-4 ადგილოსან ლონდონის “არსენალს” დაუპირისპირდება.
“სანდერლენდის” მთავარი მწვრთნელის სემ ელარდაისის თქმით, დეფოს ტერფის ტრავმა აწუხებს, ხოლო ლარსონს იოგებზე აქვს პრობლემა.
შეგახსენებთ, რომ 14 ტურის შემდეგ “სანდერლენდი” პრემიერლიგაში 12 ქულით მე-17 ადგილს იკავებს. კლუბმა სეზონი საშინლად დაიწყო, რასაც მე-8 ტურის შემდეგ სამწვრთნელო ცვლილება მოჰყვა: დიკ ადვოკაატი სემ ელარდაისმა შეცვალა და “შავ კატებს” ამჟამად არსებული ქულებიდან უდიდესი ნაწილი სწორედ ელარდაისმა მოაპოვებინა. მე-9 ტურამდე “სანდერლენდს” მხოლოდ 3 ქულა ჰქონდა აღებული, ხოლო ბოლო 6 მატჩიდან 3 მოიგო, 9 ქულა მოიპოვა და გასავარდნი ზონიდან ამოვიდა.